,,დიდი ხანია, ამ აქციების უკან „ნაცმოძრაობის“ ყურები მოჩანს”- ვლადიმერ ბოჟაძე

12
spot_img

„რადიკალური ჯგუფები, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციელებსა და მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყვნენ ორგანიზებულები“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ჯგუფ „დაიტოვეში“ ხატია დეკანოიძის სტატუსზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, აქციების უკან „ნაცმოძრაობა“ დგას.

„26 ოქტომბრის არჩევნების მერე, ნებისმიერი აქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, ნებისმიერი პროტესტი, ეს იქნებოდა თბილისში თუ სხვა ქალაქებში, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო ორგანიზებული და დაფინანსებული.

სწორედ იმიტომ ეფარებიან ახალგაზრდებს, სტუდენტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომ ძალიან კარგად იციან თავიანთი რეიტინგი და მათდამი დამოკიდებულება.

ალბათ, არასდროს ჩატარებულა ასეთი „საინტერესო“ აქციები, რომ ორგანიზატორი ვერ ბედავდეს სიტყვით გამოსვლასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ რადიკალური ჯგუფები, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციელებსა და მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყვნენ ორგანიზებულები.

მათი ოფისებიდან ამოღებულია შესაბამისი ინვენტარი და აღჭურვილობა. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ მართავდა და აფინანსებდა ამ პროცესს.

მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას პოლიტიკური და, რაც ყველაზე სამწუხაროა, არის მცდელობა, რომ შეიქმნას ეკონომიკური კრიზისი. ამ პოსტში ძალიან კარგად გამოჩნდა მათი რეალური სახე. დიდი ხანია, ამ აქციების უკან „ნაცმოძრაობის“ ყურები მოჩანს“, – აღნიშნავს ბოჟაძე.