„გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ამ ეტაპზე, იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას“ – თეა წულუკიანი

20
spot_img

„პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში] იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას,“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

„ამ წუთში რასაც ვსაუბრობთ და თბილისს ველაპარაკებით სტრასბურგიდან, უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას. მიმდინარეობს კვლავ მსჯელობა და ხშირ შემთხვევაში დახურულ კარს მიღმა, რაც 15 წუთის წინაც იყო დათქმების შემცირებაზე ან მოხსნაზე.

ლიმიტირებულ უფლებამოსილებაზე – კი ხართ უფლებამოსილი და ლეგიტიმური წევრები, მაგრამ ვერ იქნებით ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის ხელმძღვანელი, ან სადღაც მომხსენებელი – ეს პრაქტიკაში ჩვენთვის დიდს არაფერს ნიშნავს, ვერ დაგიმალავთ, რომ ჩვენთვის არანაირი წუხილის საფუძველი არ არის, ვინაიდან იანვრიდან აპრილამდე ჩვენი დელეგაციის წევრები არც კი ვგეგმავდით რომელიმე თანამდებობაზე პრეტენზიის გაცხადებას,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე დებატები უნდა დაიწყოს, რის შედეგად უკვე კენჭისყრა გაიმართება. სწორედ კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოოდ რა შესწორებები შევა მონიტორინგის კომიტეტის პროექტში. ამ დროისთვის, გამოქვეყნებული დოკუმენტი კი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რიგი დათქმების შესრულებას, რის შემდეგაც დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს ხელახლა აპრილის სესიაზე განიხილავენ. პირობებს შორისაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება, საარჩევნო დარღვევების გამოძიება, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და დაკავებულების გათავისუფლება. უფლებამოსილების ყველანაირი დათქმის გარეშე შენარჩუნებას ითხოვს “ქართული ოცნება,” რომელმაც შესწორებები დაარეგისტრირა.