„აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს“ – გიორგი ვაშაძე

14
spot_img

ქართული ოცნების“ კარები საბოლოოდ დაიხურება ევროპულ ასპარეზზე, თუ ისინი აპრილამდე არ დანიშნავენ არჩევნებს და არ გაათავისუფლებენ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის ასამბლეის დასკვნაში აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა.

გიორგი ვაშაძის თქმით, „აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს“.

„პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და “ქართული ოცნების” კარები საბოლოოდ დაიხურება ევროპულ ასპარეზზე, თუ ისინი აპრილამდე არ დანიშნავენ არჩევნებს და არ გაათავისუფლებენ აბსოლუტურად ყველა პოლიტპატიმარს. ასევე, ბევრი სხვა მოთხოვნა არის, მათ შორის, იმ ძალოვანი უწყებების პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ძალადობაშია მხილებული. მანამდე მათ შეეზღუდებათ აბსოლუტურად ყველა დელეგაციაში მონაწილეობა. ვერანაირ მონიტორინგის ჯგუფებში ვერსად ვერ დაიკავებენ ვერანაირ პოზიციას, ანუ შეზღუდვები უკვე ამოქმედდა მათ წინააღმდეგ. ეს არის ძალიან კონკრეტული ვადა, აპრილამდე საქართველოში ყველაფერი უნდა გადაწყდეს,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე დებატები უნდა დაიწყოს, რის შედეგად უკვე კენჭისყრა გაიმართება. სწორედ კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, საბოლოოდ რა შესწორებები შევა მონიტორინგის კომიტეტის პროექტში. ამ დროისთვის, გამოქვეყნებული დოკუმენტი კი ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რიგი დათქმების შესრულებას, რის შემდეგაც დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს ხელახლა აპრილის სესიაზე განიხილავენ. პირობებს შორისაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება, საარჩევნო დარღვევების გამოძიება, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და დაკავებულების გათავისუფლება. უფლებამოსილების ყველანაირი დათქმის გარეშე შენარჩუნებას ითხოვს „ქართული ოცნება,” რომელმაც შესწორებები დაარეგისტრირა.