მამაკაცის მტკიცება, რომ ის ქალია, და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება თავმდაბლობასა და თავდადებას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მოეთხოვება, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.
„აშშ-ის არმიას აქვს მკაფიო მისია: დაიცვას ამერიკელი ხალხი და ჩვენი სამშობლო, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი და ეფექტური სამხედრო ძალა. ამ ეგზისტენციალურ მისიაში წარმატება მოითხოვს ფოკუსირებას მეომრის სულისკვეთების განვითარებაზე და სამხედრო სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ შეიძლება გაზავდეს პოლიტიკური დღის წესრიგით ან სხვა იდეოლოგიებით, რომლებიც საზიანოა ერთიანობისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაში.
აღმასრულებელ ბრძანებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ცრუ „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა, რომელიც განსხვავდება ინდივიდის სქესისგან, ვერ აკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის აუცილებელ მკაცრ სტანდარტებს.
„გენდერული იდენტობის მიღება, რომელიც არ შეესაბამება ინდივიდის სქესს, ეწინააღმდეგება ჯარისკაცის ერთგულებას ღირსეული, ჭეშმარიტი და დისციპლინირებული ცხოვრების წესისადმი, თუნდაც პირად ცხოვრებაში. მამაკაცის მტკიცება, რომ ის ქალია, და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება თავმდაბლობასა და თავდადებას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მოეთხოვება“, – ნათქვამია ბრძანებაში.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები, რათა უზრუნველყონ „ჩვენი სამხედროების განლაგება, ბრძოლა და გამარჯვება, მათ შორის მკაცრ პირობებში“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერების მსახურებას ჯარში.