კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდა დათქმებით, არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი აღმოჩნდა ძალიან პრობლემატური, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
„არიან ძალიან აქტიური მოწინააღმდეგეები, განსაკუთრებით ეს ეხება ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან. ეს არ არის გასაკვირი. ასევე არის ხალხი, რომელიც მხურვალედ უჭერს მხარს საქართველოს და საქართველოს პოზიციას. არაერთგზის აღინიშნა შეხვედრებზე, მეც აღვნიშნე, რომ ევროპის საბჭო არ არის სადამსჯელო ღონისძიებების გამტარებელი ორგანიზაცია, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია, შექმნას თანამშრომლობის პლატფორმა, რათა ევროპის ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარონ ის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც წევრ ქვეყნებს დაეხმარება დემოკრატიის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაში. დღეს იყო მონიტორინგის კომიტეტის მეორე სხდომა, სადაც განიხილებოდა საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭება-არმინიჭების საკითხი. რა თქმა უნდა, ამ სხდომის შესახებ დეტალებს ვერ მოვყვები, რადგან კონფიდენციალური ინფორმაციაა. შემიძლია ვთქვა, რომ თეა წულუკიანი, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, მიწვეული იყო სხდომაზე, ასევე მიწვეული იყო თინა ბოკუჩავა, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. დამსწრე საზოგადოებას შევახსენე, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას გამოიტანენ, აუცილებლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან რუსეთის ფედერაციის მძევლები, რომლებიც მათ, სხვადასხვა მიზნით, ხშირად გამოუყენებიათ და მომავალშიც გამოიყენებენ ბერკეტად. აქ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შეზღუდული აქვს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, მათი ძირითადი უფლებები, გადაადგილების თავისუფლება. სწორედ ამ ფაქტორებზე მივუთითე კომიტეტის წევრებს და გამოვხატე გაკვირვება იმის შესახებ, რომ ცვლილება, რომელიც მომზადებული გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, კომიტეტის წევრებმა რატომღაც ანგარიშში არ ჩასვეს. ოკუპაციას და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს ვახსენებ, რადგან ჩვენს ხელისუფლებას ბრალს სდებენ რუსეთის მოკავშირეობაში, თითქოს ვატარებთ რუსულ პოლიტიკას, არ გვინდა ევროპა და მივიწევთ რუსეთისაკენ. ეს არის ძირითადი ბრალდებები, რომლებიც მათგან ჟღერდება. ჩვენი ცვლილება მიმართული იყო რუსეთის ოკუპაციის ჩანაწერის გაჩენასთან დაკავშირებით. ჩემი განცხადება იმისკენ იყო მიმართული, რომ ყველასათვის შემეხსენებინა – ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ეს არის სახელმწიფო, რომელიც დღემდე იბრძვის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და ოკუპაციასთან დაკავშირებით პროცესი აქვს მოგებული სამ საერთაშორისო სასამართლოში.
კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ უფლებამოსილების ცნობა მოხდა დათქმებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია და ამის შესახებ განვაცხადე სხვადასხვა სხდომაზე, მათ შორის მონიტორინგის სხდომაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენ მარტივად მოვნახავთ ნებისმიერ დარღვევას, იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, არჩევნების ჩატარების, თუ თუნდაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება მოხდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ნებისმიერ ქვეყანაში. ნებისმიერი ასეთი დარღვევის დროს ევროსაბჭომ უნდა გარიცხოს ქვეყანა ან უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება? ამის მომხრე არ ვარ, ეს ეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებს. ორგანიზაციას რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ დარღვევებზე, მაგრამ უნდა იფიქროს მათ გამოსწორებაზე დიალოგის, გახსნილი ურთიერთობების, თუ გარკვეული რეკომენდაციების შეთავაზების გზით და არა ასეთი სადამსჯელო ღონისძიებებით. ასეთი სადამსჯელო ღონისძიებები შორს წაგვიყვანს, რადგან დღეს იქნება საქართველო, ხვალ – სხვა ქვეყანა, ზეგ კიდევ სხვა და შედმდეგ რა გამოდის, რომ ევროსაბჭომ ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს, რადგან ასეთი სადამსჯელო ღონისძიებები მოიფიქრა? ასეთი მიდგომა სწორი არ არის. ყოველგვარი დათქმების წინააღმდეგი ვარ, თუმცა საქართველო გააგრძელებს თავისი ვალდებულებების, თავის მიერ გაცხადებული პრიორიტეტების შესრულებას, რაც უკავშირდება ევროპის საბჭოში ჩვენს წევრობას, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე აღებულ ვალდებულებებს, ასოცირებული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ხალხმაც ჩვენ იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ძალიან კარგად ხედავს, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მეოთხედ გამოუცხადა სრული ნდობა და მისცა მანდატი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.