უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი ოლეგ დრუზი კორუფციის ბრალდებით.
უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ექიმი არის “ცენტრალური სამხედრო სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წყვეტს სამხედრო პერსონალის ვარგისიანობის საკითხს სამხედრო სამსახურისთვის”.
“საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დაუსაბუთებელი ქონება შეიძინა. ამასთან, მან ეს ქონება არ ასახა დეკლარაციაში და ის მეუღლის, შვილებისა და სხვა მესამე პირების სახელზე დაარეგისტრირა”, – ნათქვამია პრესრელიზში.
გამოძიების თანახმად, დაკავებულმა 2022-2024 წლებში შეიძინა, სახლი კიევის ოლქში, ორი ბინა დედაქალაქ კიევში, ერთი ბინა ოდესაში, 4 BMW-ის მარკის ავტომობილი და სხვა ქონება.
გარდა ამისა, მისი ბინის ჩხრეკისას გამომძიებლებმა 152 ათასი დოლარი და 34 ათასი ევრო აღმოაჩინეს.
უკანონო გამდიდრებისა და ცრუ ინფორმაციის გამოცხადებისთვის მას შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.
2023 წლის დეკემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი განყოფილების უფროსი, რომელიც ეჭვმიტანილია 1,5 მილიარდი გრივნას (იმ დროს დაახლოებით 36 მილიონი ევრო) მითვისების მცდელობაში, რომელიც განკუთვნილი იყო უკრაინის ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად.
2023 წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპირებდა კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც ომის დროს კორუფციას ღალატთან გააიგივებდა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.