ტრამპის ინაუგურაციიდან მეორე დღეს, სი ძინ პინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო ვიდეო-ზარის საუბარი გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა გასული წლის თანამშრომლობის შედეგები და ბრიქსის განვითარების პრიორიტეტები განიხილეს. საკითხი შეეხებოდა ასევე ეკონომიკურ-პოლიტიკურ სამომავლო თანამშრომლობას. უცნობია, ისაუბრეს თუ არა ტრამპის მიერ გაჟღერებული წინადადებების ირგვლივ მსოფლიოს ორი ქვეყნის ლიდერმა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებებისას, მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ურთიერთობების განვითარების გეგმები განიხილეს
„ჩვენ ერთობლივად გამოვდივართ უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის შენებისთვის, ვაწარმოებთ სამუშაოს ევრაზიის სივრცეში და მთელ მსოფლიოში განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კავშირი, ერთობლივი სამუშაო ობიექტურად მნიშვნელოვან სტაბილიზაციურ როლს ასრულებს საერთაშორისო საქმეებში“, – განაცხადა პუტინმა სი ძინპინთან საუბრისას.
ამავდროულად, პუტინმა აღნიშნა: „არ შეიძლება, ფაშიზმის, ნაციზმისა და მილიტარიზმის იდეოლოგიამ კვლავ თავი ასწიოს. მნიშვნელოვანია, ჩვენს სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ერთობლივად შევინარჩუნოთ და დავიცვათ ისტორიული სიმართლე“.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო ურთიერთობები და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელია. რუსული მხარის თარგმანის მიხედვით, თავის მხრივ, სი ძინპინმა გამოთქვა მზადყოფნა, ახალ წელს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს საგარეო გაურკვევლობას ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველზე, ყველა ქვეყნის განვითარებისთვის და საერთაშორისო სამართლიანობისა და თანასწორობისთვის.