ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) წუხს აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გეგმაზე. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს განცხადებაზე, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს…
შეერთებული შტატებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 7 წლის განმავლობაში რეფორმების უდიდესი კომპლექტი მიიღო ისტორიაში, რათა მოგვეხდინა ჩვენი ანგარიშვალდებულების, ხარჯების მხრივ ეფექტურობისა და ქვეყნებში გავლენის ტრანსფორმირება. ეს მუშაობა გრძელდება.
ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები გადახედავს [გადაწყვეტილებას] და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ,” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.
აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან.