2025 წლის 16 იანვარს, თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, The Language Studio-ს ინიციატივით, რეგიონული ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-დან 18 წლამდე ოცდაათმა სპიკერმა თბილისიდან, თელავიდან და მცხეთიდან.
მონაწილეებმა ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული უთანასწორობა, განათლება, თითოეული მოქალაქის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში, სიტყვის თავისუფლება და პიროვნული არჩევანის პატივისცემა. იმსჯელეს და განიხილეს გლობალური პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის 17 მდგრადი განვითარების მიზნებშია ჩამოთვლილი.
კონფერენცია არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებას, არამედ ახალგაზრდების როლის ხაზგასმასაც ისახავდა მიზნად თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გამოწვევებთან გასამკლავებლად.
მოწვეული ინგლისურენოვანი ჟიური აფასებდა ნამუშევრებს. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და ჯილდოები.
ახალგაზრდულ კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება, ენის სრულყოფილი ფლობა და საჯარო გამოსვლის ტექნიკა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ და ისაუბრონ გლობალურ თემებზე. ეს ინიციატივა ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობას, ინოვაციას და მდგრად განვითარებას საზოგადოებაში.