მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ – კახა კალაძე

28
spot_img

პირველ რიგში, ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. იცით, რომ დღეს გაიმართება ინაუგურაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდა მოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც, ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის შესახებ რიტორიკა შეცვალეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან.

„ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით ვინ არიან ისინი და საიდან იმართებიან. ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ. ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.