ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება მანამ, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ მძევლების სიას, რომლებიც „ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

4
spot_img

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღია იმ მძევლების სია, რომლებიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს, რაც შეაფერხებს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყოს მანამ, სანამ ისრაელს არ ექნება გასათავისუფლებელი მძევლების სია, რომლის მიწოდების პირობაც „ჰამასმა“ დადო“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა „ჰამასს“ მათი ვინაობა გუშინ შუადღისთვის უნდა გამოეცხადებინა.

მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, განაახლოს ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ, თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

სატელევიზიო გამოსვლაში ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია, ისრაელი იტოვებს უფლებას, განაახლოს თავდასხმები ღაზაში და ამისთვის მას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა აქვს.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელმა, ბოლო 15 თვის განმავლობაში წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელა.

”ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე. „ჰამასი“ ახლა სრულიად მარტოა”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.