თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე, ხოლო დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზებზე აკრძალულია. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მეორე და მესამე გვირაბებში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.