მადლობა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს თბილი მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია -ირაკლი კობახიძე

9
spot_img

დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ – აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში,“- განაცხადა პრემიერმა.