გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვერაგული დარტყმა ზურგში“ საქართველოსათვის: ბერლინი თბილისზე სავიზო ზეწოლას ახორციელებს“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი). „გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციის საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, გადამწყვეტი ზომების მიღებას ცდილობს და განზრახული აქვს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრებათ: ამ კავკასიურ სახელმწიფოში მიმდინარე რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების კვალობაზე გერმანიის მთავრობა ევროკავშირთან იხილავს საკითხს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზოდ გადაადგილების უფლების შეწყვეტის შესახებ. თუ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება შოკი საქართველოს მოსახლეობისათვის, რომლის რიცხოვნობა 3,7 მილიონს აღწევს.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი BSW-ის ჯგუფიდან (Bündnis Sahra Wagenknecht – სარა ვაგენკნეხტის ალიანსი) ანდრე ხუნკო ამბობს თავის წერილში, გერმანიის ფედერალური მთავრობა არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ქართველებისათვის. ოლაფ შოლცის მთავრობამ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი კონტაქტები ოფიციალურ თბილისთან და მმართველ პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ „შემზღუდავ-დამსჯელი“ ზომები უპირველეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს საქართველოს სამთავრობო აპარატის მიმართ, ბერლინში და ბრიუსელში იხილავენ უვიზო რეჟიმის „სრული შეჩერების შესაძლებლობას“ ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის.
სანიმუშო ქვეყნიდან დასანქცირებულ მტრამდე
უკანასკნელ 20 წელიწადში საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ლიდერი ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით. სამხრეთკავკასიურ ქვეყანას 2009 წლიდან ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც „აღმოსავლური პარტნიორობის“, ისე ასოცირების შეთანხმებით. გარდა ამისა, 2017 წლიდან ქართული ბიომეტრიული პასპორტების მფლობელებს უფლება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. ეს ერთგვარი „გადატრიალება“ იყო საქართველოს – თითქმის ბავარიის ტოლი ფართობის მქონე ქვეყნისათვის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
საქართველო ოფიციალურად ითვლება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნად 2023 წლის დეკემბრიდან, მაგრამ ბრიუსელმა თბილისთან მოლაპარაკება გასულ ზაფხულს შეაჩერა – ამ გადაწყვეტილების მიზეზს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ წარმოადგენდა, რომლის თანახმად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც დაფინანსების 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, ვალდებულების არიან ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები საზოგადოებიდან და ძალადობა სამართალდამცველებისგან. კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების ანალოგიურად მოქმედებს – სწორედ მსგავსი კანონებით გააუქმა კრემლმა ბოლო 15 წელიწადში რუსული ოპოზიციური ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.
„ცეცხლზე ნავთი დაასხა“ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებამ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, ბრიუსელიდან თბილისი საბიუჯეტო სუბსიდიებს აღარ მიიღებს. ევროკავშირის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ ასევე მწვავედ აკრიტიკებენ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში დაშვებული დარღვევების გამო, თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებზე ნეგატიური გავლენა სწორედ ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მოახდინა. დასკვნა: ძალიან მცირე დროის განმავლობაში ქართულ-ევროპული ღრმა პარტნიორობა გადაიქცა მწვავე დაპირისპირებად ევროპულ ისტებლიშმენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის.
ანდრე ხუნკო ქართველებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგია და ამბობს, რომ გერმანიამ ასეთი ქმედება უნდა შეწყვიტოს: „იმის ნაცვლად, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან გონივრული და პრაგმატული ურთიერთობა ააწყოს, ბერლინი ევროკავშირის დესტრუქციულ კურსს ატარებს რეჟიმის შესაცვლელად… ევროკავშირის ანტიქართული სანქციები ზიანს მიაყენებს არა იმდენად საქართველოს მთავრობას, რამდენადაც ქვეყნის მოსახლეობას“, – ამბობს BSW-ის საპარლამენტო ჯგუფის წევრი.
უვიზო რეჟიმის დასასრული – შოკი ქართველებისათვის
საქართველოს მოსახლეობისათვის ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იქნება. როგორც დავით გარსიაშვილი – პროევროპულად განწყობილი თბილისელი – ამბობს „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში, მსგავსი ზომებით დაზარალდებიან არა იმდენად სამთავრობო ჩინოვნიკები და სახელისუფლებო სტრუქტურების თანამშრომლები, არამედ რიგითი მოქალაქეები: „განსაკუთრებით 30 წლამდე ასაკის მქონე ახალგაზრდები, პროევროპულად განწყობილები, რომლებიც პარიზის, რომისა და ბერლინის დათვალიერებას ვერასოდეს ვეღარ შეძლებენ“.
თუ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს შეაჩერებს, ეს გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის გაზრდას დასავლეთის ქვეყნებში. დავით გარსიაშვილი შიშობს, რომ „ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტით ქართველი ახალგაზრდები საბოლოოდ წავლენ უცხოეთში და ჩვენთან, ქვეყანაში, ძალიან ცოტანი დარჩებიან“. ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, მსგავსი ზომებით ევროკავშირი თავის გავლენას საქართველოში, განმტკიცების ნაცვლად, უფრო დაკარგავს.
მოამზადა სიმონ კილაძემ