საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა ქართველი ხალხის ნება კიდევ ერთხელ აჩვენა.
„მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.
აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.
ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სამმხრივ დიალოგს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.