საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრისას მხარეებმა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, დელეგაციის წევრების შეკითხვებს ქართულმა მხარემ ფაქტებით დადასტურებული პასუხები გასცა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სადამკვირვებლო მისიის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნისა თუ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების ვიზიტი, რომელიც ობიექტურად აღბეჭდავს თითოეულ ფაქტს და იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოს რეალობაში გვაქვს. ზოგადად, ობიექტურობა და სიმართლე ჩვენთვის ყველაზე მთავარია.
იმედი გვაქვს, რომ ანგარიშში, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ მომზადდება, ობიექტურად და სამართლიანად იქნება ასახული თითოეული ის ფაქტი, რომლითაც ჩვენი მეგობრები დაინტერესდნენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ლევან მაჭავარიანი, მარიამ ლაშხი და ეკა სეფაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.