ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ტრაგიკულია – ეკა გიგაური

20
spot_img

ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ძალიან ტრაგიკულია. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებზე დგას ეს რეჟიმი. საპატიმროებში აქტივისტებს და დაკავებულებს დილით დაუსაბუთებლად აგზავნიან და შემდეგ საღამოს საქეიფოდ იკრიბებიან. ეს ყველაფერი მათ მორალურ სახეზე მიუთითებს. გვჯერა, რომ სასამართლო კორპუსში არიან ღირსეული მოსამართლეები და კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, რომ გაემიჯნონ იმას, რაც სასამართლო კორპუსში ხდება. სასამართლო სისტემაში არიან კარგი მოსამართლეები, მაგრამ გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია. ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ დღეს საქართველოს სასამართლოს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, 12 იანვარს რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას, მოქალაქეების პროტესტისა და საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე მართავდნენ.

ასევე, ეკა გიგაური 10-11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებზე დაკავებული პირების სასამართლოს სხდომებზეც საუბრობს და სხვადასხვა დარღვევებზე მიუთითებს.

მისი შეფასებით, პროკურორებს სასამართლო სხდომებზე დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ და ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, ასევე გიგაური მოსამართლეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ისინი წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ადვილი მისახვედრი იყო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი.

მისივე თქმითვე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე ბევრი დარღვევის გარდა, ასევე დაცვის უფლების შეზღუდვაც დაფიქსირდა.

„10 იანვარს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, ონისე ცხადაძისა, რევაზ კიკნაძის და სხვა დაკავებულთა საქმე, 11 იანვარს კი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ – ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძისა და სხვა დაკავებულების საქმე. ამ ორივე საქმეში გამოკვეთა კონკრეტული დარღვევები და ორივე საქმეში ფიგურირებდნენ ერთი და იმავე პროკურორები, რომლებიც არიან გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა.

პირველ რიგში გეტყვით, რომ პროკურორებს დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ, ვერცერთმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. მათი მტკიცებულებები და პოზიციები შაბლონური იყო. მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ამ საქმეებთან დაკავშირებით და ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი. საჯაროობის პრინციპების დარღვევას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რომ რამდენიმე პირის საქმე განიხილებოდა და ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, მათ მაინც ჩანიშნეს საქმეები მცირე დარბაზებში, ერთ შემთხვევაში დარბაზის შეცვლა მოხდა, მეორე შემთხვევაში – 11 იანვარს დარბაზის ცვლილება ვერ მოხერხდა.

ასევე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე, სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებს დაცვის უფლების შეზღუდვაც დაემატა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა გამოიწვია, ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დაცვის მხარემ დატოვა დარბაზი. სახაზინო ადვოკატს კი არ მიეცა საშუალება კომუნიკაცია ჰქონოდათ დაკავებულებთან და მათი პოზიციები გაერკვია. ეს ყველაფერი არის დარღვევა“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ასევე, ეკა გიგაური ქალაქ ბათუმში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი საქმე არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს ქვეშაა და ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჟურნალისტების უფლებებს იცავენ.

„მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული რეპრესიული ზომები არის განსაკუთრებული შემთხვევა, მისი უფლებები იყო დარღვეული, პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ საუბარია იმაზე, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყება დევნა. მის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ჟურნალისტთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ და მის პროცესს დავაკვირდებით და შემდგომშიც მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას.

რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს, აქაც 11 იანვარს 11-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დავის ქვეშ არიან, თუმცა, თავის დროზე მათ არ მიეცათ საშუალება, ჰქონოდათ კომუნიკაცია ადვოკატებთან.

ვაგრძელებთ ამ საქმეების მონიტორინგს და ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით. ევროსაბჭოს მომხსენებლები არიან ჩამოსულები, რომლებიც საპატიმროში რამდენიმე დაკავებულს მოინახულებენ და მათთანაც გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმითვე, 11 იანვარს ქალაქ თბილისში დააკავეს შშმ პირიც, რომელსაც საპოლიციო ძლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.