დგებუაძე არის მონა, რომელმაც ბათუმის საამაყო ადამიანი, მზია დააკავა, დააკავა ათი ადამიანი, ის არის მონა. ამ მონასთან მაქვს საქმე და სად არის? ვეძებ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლთან ერთ-ერთ პოლიციელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით.
„ვუყურე ყველაფერს და იმიტომ ჩამოვედი აქ. მოვიდეს დგებუაძე, რადგან მზიამ რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც. დგებუაძეს, რუსის მონას მეც მინდა, გავარტყა. მინდა, რუსის მონას, დგებუაძეს ვაგებინო პასუხი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე. თქვენ ხართ მოძალადე პოლიციელები. მე ჩამოვედი, რომ დგებუაძემ და ბესელიამ, რომელიც ემსახურებოდა მონურად ყველა მთავრობას, მისგან მინდა, მოვითხოვო პასუხი. ისინი ემსახურებიან რუსეთს. სად არიან, რატომ იმალებიან? თუ არ იცით სად არიან, პოლიტიკურ დისკუსიას რატომ მიმართავთ? თავის ქვეყანას კონსტიტუციის დარღვევით ემსახურებიან? კონსტიტუციის დარღვევა არ არის ევროპაზე უარის თქმა? თქვენ გინახავთ ნაცემი ადამიანები? დასისხლიანებული ადამიანები? გურამ როგავა ნახეთ? კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან ჩაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში“,- მიმართა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს.
რაზეც პოლიციელმა უპასუხა:
„დგებუაძეც, ბესელიაც და ყველა პოლიციელი ემსახურება ქვეყანას. რუსეთს ვინ ემსახურება, ამ საუბრიდან უკეთესად ჩანს. მე, როგორც ქალბატონს, მოგიწოდებთ, მეტად კულტურული იყოთ. კულტურული თუ იქნებით, უკეთესი იქნება თქვენთვის. ძალადობისკენ ხართ მიდრეკილი. ანუ, ეს ძალადობა მოგეწონათ? თქვენ ხართ ტენდენციური, მარტო ის გაინტერესებთ, აქეთ მხარეს რა მოხდა. მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვემსახურები“,- განუცხადა პოლიციელმა ელენე ხოშტარიას.