გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ესმის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესი კუნძულის მიმართ, მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ გრელანდიელებს არც ამერიკელობა სურთ და არც – დანიელობა.
“გრენლანდია არის გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრენლანდიელები”, – თქვა მუტე ეგედემ კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენიც იმყოფებოდა.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიასა და პანამის არხზე უფლების მოპოვება სურს, ხოლო კანადას აშშ-თან გაერთიანებას სთავაზობს.
გრენლანდია არის მსოფლიოს უდიდესი კუნძული, რომელიც დანიის დაქვემდებარებაშია.