“დაე, გრენლანდიამ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს”-The Daily Telegraph

36
spot_img

„დაე, გრენლანდიამ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის პოზიციაა გაკრიტიკებული გრენლანდიის დაუფლების (თუნდაც ძალით)  სურვილთან დაკავშირებით:

1867 წელს რუსეთის იმპერიის მთავრობამ აშშ-ის ხელისუფლებას ალასკას ტერიტორია მიჰყიდა. უილიამ სიუარდი, აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი და ექსპანსიის ენთუზიასტმა, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით ამერიკამ რუსეთს 7,2 მილიონი დოლარი გადაუხადა 1,723,337 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ აკრში (4046 კვ.მ.) ამერიკამ მხოლოდ 2 ცენტი გადაიხადა. შესაბამისად, ალასკის, ანუ უძრავი ქონების ასეთი ფასით გაყიდვა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან და უდიდეს გარიგებად ითვლება.

თავის დროზე ალასკის ყიდვას „სიუარდის სიგიჟედ“ თვლიდნენ, სანამ კლონდაიკში ოქროს საბადო არ აღმოაჩინეს. შემდეგ ამას მოჰყვა ნავთობის უდიდესი მარაგის აღმოჩენაც… რუსებმა სინანული გამოხატეს, რომ იჩქარეს და ალასკა ამერიკას ჩალის ფასად დაუთმეს.

ახლა კი ერთმა ამერიკელმა, რომელიც თავისი ქვეყნის საზღვრების გაფართოებაზე ზრუნავს, მზერა ყინულოვან კუნძულს – გრენლანდიას მიაპყრო. დონალდ ტრამპმა ისევე როგორც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ახლაც კვლავ გაიმეორა, რომ მას მსოფლიოში უდიდესი კუნძულის ყიდვა და მისი აშშ-ის შემადგენლობაში ხილვა სურს. ამ შემთხვევაში განსხვავება ალასკასთან შედარებით ისაა, რომ გრენლანდია გასაყიდად გატანილი არ არის.

დანია, რომელიც კუნძულზე სუვერენიტეტს განახორციელებს (თუმცა კუნძული ავტონომიის სტატუსით სარგებლობს), დონალდ ტრამპის სურვილი უარყო 2019 წელსაც და ახლაც იგივე გაიმეორა. როცა 2019 წელს დანიის იმდროინდელმა პრემიერმა-ქალმა მეტე ფრედერიკსონმა ტრამპის სურვილი „აბსურდად“ შერაცხა, გაბრაზებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში ვიზიტი გააუქმა.

ისე, დანიელებს, ალბათ, ავიწყდებათ, რომ 1917 წელს დანიის ხელისუფლებამ საკუთარი სურვილით გაყიდა ვირჯინიის კუნძულები და იცით ვის ჩაუგდო ხელში? იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც დანიის სამეფოს 25 მილიონი დოლარი გადაუხადა ოქროთი..

მისტერ დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კუნძულის დაუფლებისათვის შეიძლება სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს, მაგრამ თეთრი სახლი იარაღის ასეთ ჟღარუნს უნდა მოერიდოს. ამ სურვილის სამხედრო ძალით განხორციელებას მსოფლიომაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. რა მაგალითს მისცემს ამერიკა გრენლანდიის დაპყრობით ჩინეთს, რომელსაც თვალი ტაივანზე უჭირავს? აშკარაა, რომ ამ მხრივ დონალდ ტრამპს არ მოსწონს დიდი ბრიტანეთის მოქმედებაც, რომლის მიხედვით, ლონდონმა ჩაგოსის არქიპელაგი [რომლის ერთ-ერთ კუნძულზე – დიეგო გარსიაზე აშშ-ის ბაზაა განლაგებული] მავრიკიას დაუთმო.

მოკლედ, უმჯობესი იქნება გრენლანდიის საკითხი თვითონ გრენლანდიელებმა იზრუნონ და თავიანთი მომავალი ბედი თვითონვე გადაწყვიტონ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: