აქციებზე დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლის  და პროცესის უფრო დიდი დარბაზში გაგრძელების შუამდგომლობით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა

6
spot_img

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მოსამართლის თქმითვე, სასამართლოს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, სხდომა პატარა დარბაზში ჩაეტარებინა, რის შემდეგაც მან ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მოთხოვნილი დარბაზის მდგომარეობის გადასამოწმებლად.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ პროცესი იმ დარბაზში გადაიტანა, რომელსაც ადვოკატები ითხოვდნენ.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები განმარტავდნენ, რომ საქმე მოცულობითია, 11 დაკავებულია, დარბაზის მოცულობიდან გამომდინარე კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან კომუნიკაციაც კი შეუძლებელია. ამასთან, უფლებადამცველების თქმით, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია და დარბაზში არათუ დაინტერესებული პირები, ბრალდებულების ოჯახის წევრებიც ვერ შედიოდნენ.

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებს დამატებითი მაგიდები და სკამები დაუდგეს, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილზე ისინი რაოდენობიდან გამომდინარე ვერ განთავსდნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის ნათქვამზე, რომ მოწმის ტრიბუნა მაინც ისე განეთავსებინათ, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ რეპლიკით უპასუხა.

„მე მაქვს იდეა, წავაქციოთ”.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივა იყო.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა მოსამართლის კითხვაზე, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცეს.

პროკურატურა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.