უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებამდე მეორე ფრონტის გახსნის საკითხი აქტუალური იქნება, გვინდოდა, გაგვეფრთხილებინა მოქალაქეები, ასევე გვეთქვა, ვინ მართავს პროცესებს -ვლადიმერ ბოჟაძე 

81
spot_img

უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ მიმდინარეობს და ვიდრე ის არ დასრულდება, ჩვენი ქვეყნის წინაშე მეორე ფრონტის გახსნის საკითხი კვლავ აქტუალური იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ყველაფერზე იყო საუბარი, მათ შორის მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც შესაძლებელია, საქართველოს გარშემო განვითარდეს.

„დიდი იმედით ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას, მის შემდგომ ნაბიჯებს, რომლებმაც რაც შეიძლება მალე უნდა მოუტანოს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება ომიდან გამომდინარე იმ შედეგებს, რაც უკავშირდება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, სხვადასხვა მაღალჩინოსნის დასანქცირებას, დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვების დაწესებას. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე, როგორც ჩანს, ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და გვინდოდა, გაგვეფრთხილებინა ქვეყნის მოქალაქეები, ასევე გვეთქვა, რა არის მთავარი მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც აქვთ კონკრეტულ სახელმწიფოებს თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, და ყველაზე მთავარი – ვინ მართავს ამ პროცესებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია მუდმივად საუბრობდა არა კონკრეტულ სახელმწიფოზე ან პოლიტიკოსებზე, არამედ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკავშირდებოდა გლობალური ომის პარტიას.

„იგულისხმებოდა ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, საფრთხე შეექმნას სტაბილურობას, ძალები, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან, რომ გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის ომი და დროზე ადრე არ დასრულდეს. შესაბამისად, იმედით ვუყურებთ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ამ მიმართულებითაც. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ ის მოუტანდა მშვიდობას მთელ მსოფლიოს და, რა თქმა უნდა, ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება პრეზიდენტად აერჩიათ დონალდ ტრამპი სწორედ ამას უკავშირდებოდა. იგივე გზავნილები ჰქონდა „ქართულ ოცნებასაც“ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, მშვიდობა არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. არანაირი ზეწოლა, სანქციები არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენი გუნდის სხვა თანამდებობის პირებზე, არანაირი გადაწყვეტილება არ და ვერ იმოქმედებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. ზეწოლის მიუხედავად, რომელიც იყო და შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს, ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.