გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით.
„თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ. გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს. უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება.
„ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითიც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ. შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის – კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“, – ნათქვამია განცხადებაში.