როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა, საიდან ფინანსდები, ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე-მამუკა ხაზარაძე

67
spot_img

ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში ამ თემაში შეყოლას არ ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას…პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური“ ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ „მესიჯბოქსში“ და სცენარში მონაწილეობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას – ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ.

პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.

P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით“ საუბრობ, დაე, ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს.

ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.