ადამიანი იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრი და რუსი იმპერატორივით აზროვნებს-რატი იონათამიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე

40
spot_img

ადამიანი იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრი და აზროვნებს, და მეტყველებს რუსი იმპერატორივით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ხელმოცარული განცხადება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „დღის ქრონიკაში“ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებას.

„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გვახსოვს, რომ ასევე შვედი პოლიტიკოსი დიდი წუხილით საუბრობდა, რომ საქართველოში „მაიდნის“ პერსპექტივა არ არისო და უნდა გააღრმაოთ პოლარიზაცია თქვენს ქვეყანაშიო. ახლა ეს ბატონი გამოვიდა და ამბობს, რომ თურმე საქართველოს სუვერენიტეტი საერთოდ არ უნდა გააჩნდესო და სხვები უნდა უნიშნავდნენ პრეზიდენტებს, პარლამენტს და ასე შემდეგ. ძალიან მარტივია ეტყობა, როდესაც შენ ცხოვრობ შვედეთში და სხვას მოუწოდებ ქვეყანაში, რომ ჰქონდეს ომი, სისხლისღვრა, განუკითხაობა, ქაოსი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ასეთი ვითომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სინამდვილეში ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, რომ გამოდიან და მათ აქ თუნდაც რაღაც მცირე ჯგუფების სახით მხარდამჭერები უჩნდებიან ხოლმე, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რასაკვირველია, ვინაიდან ამით ვხვდებით, რომ ვისაც ასეთი განცხადებები მოსწონს რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რომელიმე უცხოურმა ორგანიზაციამ უნდა დანიშნოს საქართველოში პრეზიდენტი, მთავრობა და ასე შემდეგ, და ეს მერე ვიღაცას მოსწონს ის, რა თქმა უნდა, ამით გვეუბნება, რომ მას სინამდვილეში არ მოსწონს დამოუკიდებლობა, არ მოსწონს სუვერენიტეტი, არ მოსწონს ის, რომ საქართველოს სახელმწიფო შეიძლება იყოს შემდგარი სახელმწიფო და მას უბრალოდ მონური ფსიქოლოგია გააჩნია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის მსგავსი განცხადებები მიუღებელი უნდა იყოს, მიუხედავად მისი განწყობისა ხელისუფლების მიმართ.

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ მიაჩნიათ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, – დაწერა ბილდტმა.