გერმანიაც მიუერთდა ევროკავშირის იმ ქვეყნების „კლუბს“, რომელშიც შობადობის უმდაბლესი დონის მქონე ქვეყნები არიან – Financial Times

6
spot_img

ევროპას პრობლემა აქვს – კონტინენტის ქვეყნები ზედიზედ ეშვებიან დემოგრაფიული ფსკერისაკენ – შობადობის დონე კატასტროფულად ეცემა, – წერს ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით „გერმანიაც მიუერთდა ევროკავშირის იმ ქვეყნების „კლუბს“, რომელშიც შობადობის უმდაბლესი დონის მქონე ქვეყნები არიან“ (ავტორი – ვალენტინა რომეი). ბევრი ევროპული სახელმწიფოს დემოგრაფიული მონაცემები კრიტიკულია. ევროპელები  ეჭვებით არიან შეპყრობილნი – ღირს თუ არა შვილის გაჩენა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რომელიც მთელ ევროკავშირში ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებას იწვევს, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის კიდევ სამი წევრი სახელმწიფო, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული გერმანიის ჩათვლით, შევიდა შობადობის ზედაბალი (უმდაბლესი) დონის მქონე ქვეყნების სიაში, რითაც ხაზი ესმება რეგიონის დემოგრაფიული პრობლემების მასშტაბებს და მის სიმწვავეს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში შობადობის დონე გაეროს მიერ დადგენილ უმდაბლესი ზღვრის მიღმა დაეცა – თუ 2023 წელს ერთ ქალზე 1,4 ბავშვი მოდიოდა, ამჟამად მხოლოდ 1,35 ბავშვია. ასეთი სცენარის დროს შობადობის დაცემის დონის გამოსწორება და პროცესის უკუქცევით განვითარება უკვე ძალიან რთულია.

1,4 ბავშვიანი „ფსკერი“ უკვე „გახვრიტეს“ ესტონეთმა და ავსტრიამ, რომლებიც ევროკავშირის 9 ქვეყნის სიას დაემატნენ – ესპანეთის, საბერძნეთისა და იტალიის ჩათვლით: მათში შობადობის დონე უკვე კრიტიკული ნიშნულის მიღმაა დაკლებული.

შობადობის კატასტროფული შემცირება ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ ადამიანები აგვიანებენ მემკვიდრეების გაჩენას 30 წლამდე და უფრო გვიან, რაც მნიშვნელოვან რისკთან არის დაკავშირებული: „ვინც ასე გადაწყვეტს, ის უკვე ვეღარ შეძლებს იმდენი ბავშვის ყოლას, რამდენიც სურს – უბრალოდ, ადამიანის ბიოლოგიური საათები ასე მოქმედებს“, – განმარტავს ვილემ ადემა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი.

იმიგრაციის გარეშე, ძირძველ ევროპელთ ოჯახებში შობადობის დაბალი დონე იწვევს შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, რაც სახელმწიფო ხაზიანას მძიმე ტვირტად აწვება და ეკონომიკურ ზრდას აბრკოლებს.

იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდები მნიშვნელოვან ქონებრივ მდგომარეობას – ისეთს, როცა ბინის შეძენა შეუძლიათ – გვიან ასაკში აღწევენ, შესაბამისად გვიანდება მათი დაოჯახება და გამრავლება. ევროკავშირში 2023 წელს იმ ქალების ასაკი, რომლებიც ბავშვს პირველად აჩენდნენ, 31,1 წლამდე გაიზარდა. არადა, ათი წლის წინ პირველმშობიარე ქალების ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა. დრეისათვის რიგ ქვეყნებში ამ მხრივ ძალიან რთული მდგომარეობაა: პირველმშობიარე ქალთა ასაკმა გერმანიაში 31,4 წელს მიაღწია, ხოლო ესპანეთში, იტალიაში და ირლანდიაში 32-ს გადააჭარბა.

ავსტრიამ გამოაცხადა, რომ შონადობა მოსახლეობაში დაეცა 1,32 ბავშვამდე ერთ ქალზე, როცა 2023 წელს 1,41 იყო. ესტონეთში ამ მაჩვენებელმა 1,31-მდე დაიკლო წინა წელთან (1,41) შედარებით

შობადობის დონე მთელ ევროპაში მცირდება – იმ ქვეყნებშიც კი, როგორიც ფინეთია, შვედეთი და საფრანგეთი, სადაც ოჯახებისადმი სოციალური ხელშეწყობის პოლიტიკა და გენდერული თანასწორობა ადრე ახალშობილების რაოდენობის ზრდას იწვევდა.

ფინეთში შობადობის დონე 2010 წლამდე ევროკავშირის მასშტაბით საშუალოზე მეტი იყო, მაგრამ 2023 წელს 1,26-მდე დაეცა, რაც ყველაზე უმდაბლესი მაჩვენებელია 1776 წლიდან, როცა ბავშვის დაბადების დაფიქსირება ცენტრალიზებულად დაიწყეს.

როცა შობადობის ყველაზე დაბალი დონე (1,79 ბავშვი ერთ ქალზე) საფრანგეთში 2022 წელს დაფიქსირდა, ყველა ამბობდა, რომ ეს კატასტროფული მაჩვენებელია, მაგრამ გასულ წელს დონე კიდევ უფრო დაეცა – 1,67-მდე, რაც ყველაზე უარესია მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, როცა შობადობის აღრიცხვა სახელმწიფომ დაიწყო.

შობადობის მაჩვენებლები შემცირდა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ახალშობილების რაოდენობა ისედაც ზედაბალი (უმდაბლესი) იყო – ესპანეთში (ერთ ქალზე 1,12-მდე) და იტალიაში (1,2-მდე).

გაეროს წარმომადგენელმა დემოგრაფიულ საკითხებში გუანიუ ჩანმა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა უფრო მეტი იზრუნონ ოჯახებზე და გაითვალისწინონ გენდერული სპეციფიკა  (ქალების ფერტილობის მხრივ), რაც შესაძლებლობას მისცემს მათ იმდენი ბავშვი ჰყავდეთ, რამდენიც მათ სურთ, ასაკის მიხედვით.

ექსპერტები თვლიან, რომ ახალშობილ ბავშთა რაოდენობის შემცირების ტენდენცია დიდწილად ეკონომიკური და პოლიტიკური რყევებით აიხსნება.

„დავუშვათ, თქვენ გსურთ ბავშვი გყავდეთ, მაგრამ თუ გეშინიათ, რომ მას დაკარგავთ, ან ძალიან გადარდებთ ინფლაციის მაღალი დონე და ცხოვრების გაძვირება, ან რომელიმე კონფლიქტის, ვთქვათ რუსეთ-უკრაინის ომის გადაზრდა უფრო ფართომასშტაბიან, გლობალურ დაპირისპირებაში, თქვენ დაეჭვდებით და იტყვით – განა ასეთ არასტაბილურ სიტუაციაში ღირს ბავშვის გაჩენა?“, – განმარტავს ენ ბარინგტონი, საუნთჰემპტონის უნივერსიტეტის დემოგრაფიის პროფესორი.

შობადობის მდგომარეობაზე ნეგატიური როლის შესრულება შეუძლია გარკვეული ტრადიციული წარმოდგენების ცვლილებას თანამედროვე საზოგადოებაში.

როგორც ვილემ ადემა ამბობს, თანამედროვე წარმოდგენები იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი და რამდენად უნდა იზრუნოს მშობელმა შვილზე, ისეთია, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, მომავალი დედები და მამები, ამბობენ: „მე ბედნიერებისათვის შვილები არ მჭირდება. ვფიქრობ, რომ ვერ გავუმკლავდები გამოწვევებს და დარწმუნებული არა ვარ, გავუძლებ თუ არა მშობლის პასუხისმგებლობის ტვირთს“.

წყარო