პირს, რომელმაც გარდაბანში დას ავტომობილი დააჯახა შემდეგ კი, დანით დაზიანებები მიაყენა, მკვლელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5
spot_img

18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყენა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, მომხდარის შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, სასამართლომ კი ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.