მიხეილ სააკაშვილი – ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება

9
spot_img

გარდა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისა, სინამდვილეში, როგორც კი ჩვენ შევწყვეტთ საპროტესტო მოძრაობას ქუჩაში, უვიზო მიმოსვლა აუცილებლად გაუჩერდება მთელ საქართველოს, მარტივი მიზეზის გამო – იქნება რუსული დიქტატურა, რუსული ჯაშუშებით გაივსება საქართველო და არავინ რუსულ ჯაშუშებს არ მისცემს ევროპაში თავისუფლად სიარულის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ეს იქნება ევროპის თავდაცვის ღონისძიება.

„ბელარუსებს არ აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში, ზუსტად ასევე არ ექნება უვიზო მიმოსვლა ევროპაში ჩვეულებრივ ქართველებსაც. ყველაფერი იქითკენ მიდის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „საუკუნის ანეკდოტია, რომ ასამართლებენ მიტინგის დაშლაზე“.

„ეს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება მე მასამართლებს მიტინგის დაშლაზე. როგორც კი რუსეთმა დაინახა, რომ ჩვენი რეფორმები არის წარმატებული, გახსნა ჯერ პირველი კონსერვი პატარკაციშვილის სახით, მან აამუშავა მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანა და მოხდა ის არეულობები, რაც მოხდა ნოემბერში ზუსტად ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ და ნატო-ს სამიტის წინ. შემთხვევით მოხდა იმ დროს? თავს ნუ ვისულელებთ და პარალელს რომ ავლებენ, 7 ნოემბერი და დღევანდელი ნოემბერი. ის იყო რუსების მიერ ორგანიზებული, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პროვოკაცია, იყო ამ პროვოკაციაზე წამოგებაც და მე მოვნახე პოლიტიკური პასუხი, ერთი წლით შევიმცირე საპრეზიდენტო ვადა, გადავდექი და წავედი ახალ არჩევნებზე, რომელიც ძლივს მოვიგე. სხვათა შორის, თბილისში წავაგე. ამას იმიტომ ვყვები, რომ პოლიტიკური გამოსავალი ყოველთვის არსებობს პოლიტიკოსებისთვის. მე არც ფული მქონდა არსად, არც დანაშაული მქონდა ჩადენილი და ამიტომ თამამად მივდიოდი არჩევნებზე. ამათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, იმდენი ფული აქვთ მოპარული, ფიზიკურად სხედან ამ ფულზე, თქვენ რა, მართლა სერიოზულად გგონიათ, რომ ესენი რამე მოლაპარაკებებზე წამოვლენ?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განმარტებით, „საქართველოში ძალიან მალე ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე“.

„ვიდრე ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა არ დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ იქნება, მაგრამ ეს დროც ძალიან მალე მოვა, რადგან ივანიშვილი ვერ ხვდება, მას კიდევ აქვს რაღაც შანსი, რომ არ მოხდეს მისი აკვარიუმის დათვალიერება. მას ჰგონია, არაფერი, რა მოხდა, ივლიან, ირბენენ და დაიღლებიან, მოისყიდის, დაქანცავს, გამოფიტავს, გადაკიდებს, მერე მაინც დარჩება. მთავარი, რაშიც აგებს, მათ მხარეს არ არის ინტელექტი. უკან რაც მიკიდია, არის ჩემი უნივერსიტეტის დიპლომების ნაწილი. მაშინ მე ვიყავი ერთი ესეთი განსაკუთრებული, რომ ბევრი დიპლომი მქონდა, იშვიათი, ცოტანი ვიყავით, ახლა პრაქტიკულად ყოველ მეორე ქართველს აქვს მიღებული განათლება. ძალიან ბევრი ქართველი არის თვალებში გამოხედილი. მთელი ინტელექტი არის აქეთ მხარეს, იქით დარჩა მარტო კუნთები და კალაძემ რომ მიიყვანა 50 წლის პატარა ბავშვუკები საშობაო სოფლის გახსნაზე. ამიტომ სიტუაცია მარტივია, ვერ შეძლეს ვერც ნაძვის ხის საზეიმო ანთება, ვერც სოფლის გახსნა. ხალხი არ ჰყავთ, როგორც წესი მაფიოზები და კრიმინალები არიან ძალიან მშიშრები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხალხმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მის წინააღმდეგ საქმეები თითიდან გამოწოვილია.

„კი, ძალიან დიდი უსამართლობა ხდება, სასამართლო პროცესი არის ამის ძალიან ნათელი მაგალითი. ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი და ძალიან ვუდგავარ მათ გვერდზე, მე მინდა, არ დაივიწყოთ ისიც, რომ ჩემ მიმართ საქმეები ათასი პროცენტით არის თითიდან გამოწოვილი და ჩვეულებრივი რუსეთის ფეესბეს დერეფნებში არის შექმნილი. ძალიან გთხოვთ, ნუ მიაფუჩეჩებთ ხოლმე სხვათა შორის, რომ სააკაშვილი მერე როდესღაც იქნება. მეც ცოცხალი ადამიანი ვარ და მეც მჭირდება სამართლიანობა და სიმართლის მოპოვება. სამ წელიწადზე მეტი ხანია, არ მინახია ცა, მზე, არ ჩამისუნთქავს ჰაერი. რისი გულისთვის? რა გავაკეთე ისეთი და კიდევ უნდათ, რომ სამუდამო პატიმრობა მომისაჯონ. ასე რომ, მათ უნდათ, პატიმრობაში ჰყავდეთ მთელი საქართველო, მე არ ვარ გამონაკლისი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.