,,ჩვენი მხრიდან ნაბიჯები უნდა იყოს ხისტი”- გიორგი ვაშაძე

9
spot_img

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კარგი შანსი მისცა, ხომ იძახის კობახიძე დიალოგიო, კარგი შანსი მისცა, რომ ამ კვრაში ჩაერთოს ამ პროცესში, თუ ჩაერთვება, ეს მისი გადასაწყვეტია, არ ჩაერთვება – ჩვენი მხრიდან ნაბიჯები უნდა იყოს ხისტი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, კანონგარეშე მოქმედი თვითმარქვია ხუნტაა, რომელიც სავარძლებშია მოკალათებული.

„მზად ვარ, ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი მხარს დაუჭერს, ვიტვირთო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საერთო ფორმატში მიღებული, მზად ვარ, გავინაწილო და ავიღო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე. ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. მზად ვარ, ყველა ფორმატში, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება აქ მიღებული, მის რეალიზებაზე ვიტვირთო პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მხარს უჭერს და უფრო იხრება ისეთი გადაწყვეტილებისკენ, რომელიც უფრო ხისტი იქნება.

„თუნდაც იყოს არჩევნების დანიშვნა, პარლამენტის დათხოვნა, თუნდაც საერთო პოზიციები იქნება, რაც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მკვეთრი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მაგრამ საერთო კოორდინაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაც მივიღებთ გუნდურად ყველანი ერთად, უპირობოდ შევასრულებ. საზოგადოება თუ რამეს გვთხოვს, არის ერთად დგომა, ერთიანობა, ხალხთან ერთად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გადაწყვეტილებების აღსრულება. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კარგი შანსი მისცა, ხომ გაიძახიან დიალოგი, დიალოგი, დიალოგი, ხომ იძახის კობახიძე. კარგი შანსი მისცა, რომ ამ კვრაში ჩაერთოს ამ პროცესში, ჩაერთვება? ეს მისი გადასაწყვეტია, არ ჩაერთვება – ჩვენი მხრიდან ნაბიჯები უნდა იყოს ხისტი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.