25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტესშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა – ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს.
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.
„დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს, სრულიად მსოფლიოს, რაც მთავარია, იყოს სიყვარული, ის რწმენა და მადლი, რისთვისაც დღევანდელი დღე არსებობს, რისთვისაც მაცხოვარი მოევლინა სამყაროს და იმ ღირებულებებით ვიცხოვროთ, რომ არსებობდეს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთ მიტევება. რადგან უფალს თითოეული ჩვენგანი უყვარს“,- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
საზეიმო მსახურებას რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე დაესწრო.