ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით – კახა კალაძე

8
spot_img

მიიწურა გამოწვევებით სავსე 2024 წელი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, გარე თუ შიდა ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა, ქვეყანაში არეულობის დათესვის მცდელობისა, მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგები როგორც დედაქალაქის, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარების კუთხით. რასაკვირველია, ყველასთვის იქნებოდა საუკეთესო, დღეს მხოლოდ ამ შედეგებზე გველაპარაკა და სამომავლო გეგმები გაგვეცნო მოსახლეობისთვის, მაგრამ ვიდრე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები არ შეფასდება და თუნდაც ერთ მოქალაქეს მაინც დარჩებება კითხვები, ვალდებულები ვართ პასუხები გავცეთ ამ კითხვებს, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში, სადაც დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტს უნდა უყარონ კენჭი.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არეულობას.

„ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, რომელიც არ დაწყებულა დღეს ან გუშინ. წლებია მზადდება ნიადაგი ამისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინის მოვლენები, უცხო ძალებს გაუჩნდათ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველო გამოყენებული უნდა ყოფილიყო მათი ინტერესების პოლიგონად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებდა საქართველოს დასუსტების და უფრო მეტიც, მისი განადგურების ხარჯზე შეესრულებია ე.წ. მეგობრების მითითებები, აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი.

ჩვენს ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე უპრეცენდენტო ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა გვემოქმედა არა ჩვენი ქვეყნის, მისი მშვიდობიანი მომავლის ინტერესებით, არამედ სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, რაც აშკარა რისკებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

ყველა ეტაპზე „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოვდიოდით და მოსახლეობას ღიად ვუყვებოდით, რა პროცესები მიმდინარეობდა ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე ვიდექით.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური სიმწიფე და მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ პრინციპულები ვართ და ვიქნებით ყოველთვის, როცა საქმე საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს დაცვას ეხება.

საქართველოს მოსახლეობამ ნახა, სწორად აღიქვა ჩვენი პრინციპული პოზიცია, სრულად გაიაზრა, თუ რა გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ 4 წლით მოგვანდო ქვეყნის მართვა, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ამ გამარჯვებაში თქვენი წვლილის შეტანისთვის.

ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება. ჯერ კიდევ ბევრს აქვს სურვილი ქართველ ხალხს არჩევანი წაართვას და ხელისუფლება არა თავისუფალ, კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას, არამედ მათ მიერ ხელდასმულ და ქართველი ხალხის მიერ უარყოფილ ძალებს გადაეცეთ, მაგრამ პირობას ვაძლევ საქართველოს მოსახლეობას, ეს ვერ და არ მოხდება! რამდენიც არ უნდა ეცადონ, ჩვენ სამშობლოს არავის დავუთმობთ!

ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება, კარგად უნდა შეიგნონ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა.

აქვე მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია! „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაახლოვა ევროპასთან.

ცხადია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ამ მიზნის ვიწროპოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოიყენოს.

ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობითაც ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისევ დასაჯეს, ახალი მოიფიქრეს- მოლაპარაკებების გახსნა- არგახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა ნათელ ფერებშია, საქართველო კი- ბნელში (ბორელის განცხადება.)

ეს არის ევროპული სამართლიანობა? კითხვა რიტორიკულია, პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნის ბედი და ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად.

მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? რასაკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება მოსახლეობის პრიორიტეტების გამოძახილია – მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი! სწორედ ამიტომ გვენდო საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ და გვანდო ამ ქვეყნის ბედი. ამ ნდობას ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით და არავის მივცემთ უფლებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი არჩევანი.

არჩევნები შედგა და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა- 1 მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, რომელიც იმეორებს წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“, შექებულია ცესკო არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“, ხაზგასმულია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდი გარემო.

რასაკვირველია, არის შენიშვნები და ხარვეზები, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი.

ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ცხადია ეს არ გამოსდით და ძალადობით, ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს.

აბულინგებენ ყველას- მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ნაწილია.

მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც არ დავუშვებთ. დღეს სახელმწიფო ძლიერია, ძლიერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რაც მთავარია, დღეს ხელისუფლება სარგებლობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით.

მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ მეწარმეს, პედაგოგს თუ რიგით მოქალაქეს, ვინც მაღალ სამოქალაქო შეგნებას და პასუხისმგებლობას იჩენს ამ რთულ პერიოდში. ვემსახუროთ საკუთარ საქმეს და ჩვენს ქვეყანას კეთილსინდისიერად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.