“მე რომ მივიჩნევდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, პრემიერთან შეხვედრაზე არ მოვიდოდი” – ირაკლი ბურდილაძე

26
spot_img

მე რომ მივიჩნევდე, დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი, არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი, არის პრობლემები ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს – ამის შესახებ „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბურდილაძის თქმით, ახლა მთავარი არის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში.

„საუბარი იყო იმ თემაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა, ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამას ალტერნატივა არა აქვს. მე არ მომისმენია არცერთი ბიზნესმენისგან შეხვედრაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას რაიმე სხვა ალტერნატივა აქვს. მსგავსი რამ არ ყოფილა. საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა ამ მიმართულებას. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სხვა აქტორებსაც, მართებთ გარკვეული სიფრთხილე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რაიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი. კრიზისი ბიზნესში არ არის, კრიზისი არის ქვეყანაში. გამოსავალია დიალოგი, ლაპარაკი ერთმანეთთან, განსხვავებული აზრის მიღება. უნდა ვისწავლოთ, რომ განსხვავებული აზრი მივიღოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ ვინმე ჩვენგანი ფლობს სიმართლეს. სიმართლეს ფლობს მხოლოდ ღმერთი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვცადოთ ერთმანეთთან საუბრით, რაღაც შეხების წერტილები ვიპოვოთ და ტემპერატურა დავწიოთ ქვეყანაში. პირველ რიგში ტემპერატურა უნდა დაიწიოს“, – განაცხადა ბურდილაძემ.

ამასთან, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ დღეს ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი.

„მე, ირაკლი ბურდილაძეს თუ მეკითხებით ჩემს აზრს, მე რომ ვთვლიდე, რომ დღეს პრორუსული კურსია ქვეყანაში, ამ შეხვედრაზე არ მოვიდოდი. მე არ ვთვლი, რომ ქვეყანას დღეს აქვს პრორუსული კურსი. არის პრობლემები ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გამოსავალი აქედან არის. მთავარი არის რეალურად რა ხდება ქვეყანაში. მე გელაპარაკებით ეკონომიკიდან და ბიზნესიდან გამომდინარე. დღეს პრემიერმაც ისაუბრა, რომ გრძელდება აქტიურად DCFDA-ს და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ბევრი თემა აქვს საქართველოს დასალაგებელი და ეს მარტივი პროცესი არ არის.  ამ მიმართულებით DCFDA-ს და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება არის უმნიშვნელოვანესი, ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, რაც ძალიან კარგია. ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც დღეს არის შექმნილი რეგიონში, გვავალდებულებს, როგორც აღინიშნა შეხვედრაზე, გარკვეულ სიფრთხილეს. უნდა ვიაროთ ამ გზაზე ისე, რომ რაიმე ნაღმს ფეხი არ დავაბიჯოთ“, – განაცხადა ბურდილაძემ.