ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას – აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება.
„ჩვენი ყველას პოზიცია ის არის, რომ რაც გასაკეთებელია სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და თუ საჭირო იქნება, რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას – ესეც უნდა გადაიდგას.
მე ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩვენ, აეროპორტს სტაბილურობა გვჭირდება ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა. ხომ იცით რომ დავაფიქსირებთ? ბიზნესზე ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება. ჩემს გარდა 80-100 კაცია, თუ მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ.
მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას.
თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.