მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით-გიორგი ვაშაძე 

7
spot_img

ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი. არ არსებობს არც ერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ამიტომ, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით, –  ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს.

„ჩვენ მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს. პროტესტი, რომელიც უპრეცედენტოა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ არის, რომ ამ არჩევნებს საერთაშორისო მასშტაბით, არათუ ჩვენ, არავინ თვლის ლეგიტიმურად. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არის თვითმარქვია ხელისუფლება და იმისთვის, რომ საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდეს, საჭირო და აუცილებელია, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ასევე, უნდა გათავისუფლეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეწყდეს ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თვითმარქვია რეჟიმმა სრულიად უკანონოდ წამოიწყო პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ვაგრძელებთ სამუშაო ფორმატში მუშაობას. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ერთადერთ საკითხზე დისკუსიაში – როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და რა წესებსა და პირობებში. სრულად ვიზიარებთ ზურაბიშვილის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვადის ათვლა დაწყებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ კვირაში საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე 22 დეკემბერს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.