სამწუხაროა, რომ აშშ-ის დამარცხებული ადმინისტრაცია ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და ხელისუფლებას -შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

სამწუხაროა, რომ აშშ-ის დამარცხებული ადმინისტრაცია ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სანქციები არასწორ დამოკიდებულებას აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციისა ქართველ ხალხზე. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას. ეს არის მძიმე ლაქა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემას. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ანგარიში, რომელიც შეეხებოდა უსაფრთხოების სისტემას, მათ შორის საქართველოში და შეეხებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ განსაკუთრებული შექება საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემისა. ვის აქებენ იქ?! იქ აქებენ შსს-ს და მის მინისტრს. იქ აქებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს. იქ აქებენ პროკურატურას და მის ხელმძღვანელობას. მათ ეხებათ, მათი დამსახურებაა, რომ აშშ-ის უწყებები მადლობას გვიხდიან, რომ საქართველოში არცერთი ფაქტი არათუ ტერორიზმის არ დაფიქსირებულა, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა რეკრუტირებისა საქართველოს მოქალაქეებისა ტერორისტულ ორგანიზაციებთან

თქვენ გახსოვთ, რა პრობლემები ჰქონდა წლების წინ საქართველოში ამ მიმართულებით და ზუსტად ამ ადამიანების, ვახტანგ გომელაურის და სხვების დამსახურებაა, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო არის, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოელი დიპლომატებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის სტუმარია. ამის ფონზე, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. აღარ გავიხსენებ სხვა რამეს, იმ გვერდში დგომას, რაც ქართველმა ხალხმა დავანახეთ აშშ-ს, ამერიკელ ხალხს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის ინტერესს. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ადმინისტრაცია, რომელსაც მომდევნო ლეგიტიმაციაზე უარი უთხრა ამერიკელმა ხალხმა, ამერიკელი ხალხის სახელით აზიანებს ქართველ ხალხთან ურთიერთობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები ქართველ ხალხს ვერ დააზიანებს.

„ეს გახლავთ სრულად აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როდესაც ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ ამაზე გავლენა არ გვაქვს. ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ თვითნებური გადაწყვეტილება ადმინისტრაციის, რაც აზიანებს ამ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ იყო მათ შორის ეს რაღაც სავიზო შეზღუდვების, თუ სანქციების საკითხიც. ვხედავდით ჩვენ, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შიგნით, თუ გარეთ. ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა. საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის და რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს. ერთადერთი რასაც აზიანებს ასეთი გადაწყვეტილებები, ეს არის იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაცია, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.