უკრაინა და პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპული გაზის ჰაბის შექმნას გეგმავენ.
ამ ჰაბის მეშვეობით ევროპა ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს.
ცნობისთვის, რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის კონტრაქტის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვარს იწურება. როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი კოლესნიკი აცხადებს, უკრაინული მიწისქვეშა საცავებისა და პოლონური გათხევადებული გაზის ტერმინალებით შესაძლებელი იქნება ახალი ბიზნესმოდელის შექმნა, რაც რუსული გაზის ტრანზიტს ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე მიმართა პარტნიორებს შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის შეთავაზებით. კოლესნიკის თქმით, ის ელოდება გრძელვადიანი და საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებას, როგორც ეს აშშ-ში მოქმედ ბიზნესმოდელებში ხდება.
„ეს დაეხმარება უკრაინასა და პოლონეთს, შეინახოს იმდენი ბუნებრივი აირი, რამდენიც მთელ აღმოსავლეთ ევროპას სჭირდება“, – განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
კიევმა და ვარშავამ ბუნებრივი აირის ბაზრების ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში გააფორმეს. აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ევროპელი კოლეგების თხოვნის საფუძველზე კიევს შეუძლია, სხვა კომპანიების გაზის ტრანსპორტირება მოახდინოს. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინა მზადაა, ნებისმიერი გაზი მიაწოდოს ევროპას, გარდა რუსულისა.
17 დეკემბერს ევროკავშირის წამყვანმა კომპანიებმა უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრიიდან და იტალიიდან განაცხადეს, რომ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ვადის ამოწურვამ, შესაძლოა, გაართულოს ბუნებრივი აირის მიწოდება და გაზზე ფასების მატება გამოიწვიოს. მათ თხოვნით მიმართეს ევროკომისიას, რუსული გაზის უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივება სცადოს. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა, კონტრაქტი გაახანგრძლივოს. უკრაინა „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს ამბობს.