„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას აქციაზე თავს დაესხნენ.
ვაშაძემ მედიას აჩვენა სახრახნისი რომლითაც, მისივე განმარტებით, კონკრეტული პიროვნება თავს დაესხა და ყელის არეში სურდა დარტყმა.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და მცირედი დაზიანება აქვს.
„კარგად ვარ. ვსაუბრობდი უბრალოდ და თავს დამესხა კონკრეტული პიროვნება, არსებობს ვიდეოკადრები, დააფიქსირა ხალხმა, ვინ არის სახეზე ეს ადამიანი. ყელში მირტყამდა ამას, ყველაფერი კარგად არის, ბრძოლას ვაგრძელებთ. კობახიძეს და ივანიშვილს ვეუბნები, რომ ამ ყველა ტიტუშკას ბოლოს თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ეს ყველაფერი, შემდეგ მომეხმარნენ და გაიქცა ეს ადამიანი. მას ფაქტობრივად ყელში უნდოდა დარტყმა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში დაზიანებული ქურთუკი აჩვენა.
„ეტყობა, უკნიდან დამარტყა, ზურგიდან მომეპარა ეს ადამიანი, შემდეგ უკვე სხვებიც მომეხმარნენ და გაიქცა. რისი გამომძიებლები არიან ესენი, რას უნდა ველოდოთ, უბრალოდ სამწუხაროა ის რეალობა, რა რეალობაშიც ვართ. წარმოუდგენელია, რომ აქ, ყველას თვალწინ, აქციაზე ცივი იარაღით მესხმის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ივანიშვილს ვეუბნები, რომ შენი არავის ეშინია, აუცილებლად მიიღებ პასუხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.