ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერებს მიანიჭა

8
spot_img

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერებს მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში გაიმართა.

„აზრის თავისუფლებისთვის“ ჯილდო გადაეცა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ედმუნდო გონსალესს, რომელიც სტრასბურგში იმყოფებოდა. მისი თანამებრძოლი მარია მაჩადო, რომელიც ვენესუელაშია, ცერემონიაში დისტანციურად მონაწილეობდა.

„ეს ადამიანები უშიშრად იცავდნენ ღირებულებებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ვენესუელის მილიონობით მოქალაქისთვის და ევროპარლამენტისთვის – სამართლიანობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

75 წლის ედმუნდო გონსალესი, რომელიც იძულებული გახდა, ვენესუელა დაეტოვებინა, ამჟამად ესპანეთში იმყოფება, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. სტრასბურგში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ 10 იანვარს სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარდა. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ დაუშვეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაასახელა.

ოპოზიცია არჩევნების ამ შედეგს არ დაეთანხმა. მათ წარმოადგინეს მთელი ვენესუელის მასშტაბით, საარჩევნო უბნებიდან ამოღებული ბიულეტენები, რომელთა მიხედვითაც გამარჯვება არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა, რომელიც კენჭს მარია მაჩადოს ნაცვლად იყრიდა. მაჩადო არჩევნებზე არ დაუშვეს.

არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პროკურატურამ ედმუნდო გონსალესზე ძებნა გამოაცხადა. აშშ-მა ოფიციალურად აღიარა ოპოზიციის კანდიდატი გამარჯვებულად, ხოლო ევროკავშირმა ნიკოლას მადუროს რეჟიმი ლეგიტიმურად არ ცნო.