შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთის „ბლიქის“ (Blick – „ხედვა“) 15 დეკემბრის საკვირაო ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ყოფილი საფეხბურთო თავდამსხმელი, ახლა კი ულტრამემარჯვენე: მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც შვეიცარიის კლუბებში „გრასჰოპერში“, „ბაზელში“ და „ციურიხში“ თამაშობდა, საქართველოს პრეზიდენტად დანიშნეს“ (ავტორები – მარკო მადერი და ნატალი ცუმკელერი).
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
1997 წელს მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანული „მანჩესტერიდან“ შვეიცარიულ „გრასჰოპერში“ გადმოვიდა. „ქართველი მოვიდა“, – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩვენს გაზეთში იმ დროს ფეხბურთელთან ინტერვიუ. ცოტა მოგვიანებით მეორე პუბლიკაცია და პირველი აჟიოტაჟურ-სკანდალური ფაქტი ახალმოსულის ირგვლივ: „არა ალკოჰოლს!“.
რა მოხდა თვითმფრინავში?
საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს შესარჩევ მატჩში საქართველო პოლონეთთან დამარცხდა (1:4), ფორვარდმა კი არასაკმარისად ითამაშა. „და შინ დაბრუნების დროს თვითმფრინავში ალკოჰოლიც დიდი რაოდენობით გამოიყენეს“, – ამბობდა ნოდარ ანდრიაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი. სკანდალური ფაქტის შედეგი: მიხეილ ყაველაშვილი და კიდევ სამი ფეხბურთელი გაირიცხნენ საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან.
მომხდარი ფაქტიდან 27 წელი გავიდა. იმ პერიოდში თუ გადავიხედავთ, შევამჩნევთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ ნაკრებში თამაშს მაინც აგრძელებდა. „ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კათხა ლუდი დავლიეთ – იმიტომ, რომ ეს სეზონის ბოლო მატჩი იყო საზაფხულო არდადეგებამდე“, – განაცხადა სპორტსმენმა. თავისი მშობლიური ქვეყნის სახელით იგი 46-ჯერ გამოვიდა, საკლუბო დონეზე კი იზეიმა შვეიცარიის ჩემპიონის ტიტული „გრასჰოპერსის“ შემადგენლობაში 1998 წელს, ხოლო 2000 წელს კი – „ციურიხის“ შემადგენლობაში – შვეიცარიის თასის მფლობელი. მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიაში თითქმის 13 წელი გაატარა, თუ არ ჩავთვლით „მანჩესტერში“ მცირე ხნით დაბრუნებას და რუსეთში ექვსთვიან თამაშს.
საპარლამენტო არჩევნები – „გაყალბებულია!?“
დღეს მიხეილ ყაველაშვილი 53 წლისაა, მისი გოლები შვეიცარიაში თითქმის უკვე დავიწყებულია. ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად პოლიტიკოსად არის გადაქცეული და რაც მთავარია, მან სამშობლოში უდიდეს სიმაღლეს მიაღწია – მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ექს-ფეხბურთელი ერთხმად წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად და შაბათს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იქნა არჩეული.
მანამდე კი, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა მმართველი პარტიის წარმატება გაყალბებებმა და დარღვევებმა დაჩრდილა: ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, ხოლო პროევროპულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა (72 წლის) პარლამენტის ახალ შემადგენლობას „არაკონსტიტუციური“ უწოდა.
საპრეზიდენტო არჩევნები – “პაროდია?!”
14 დეკემბერს სახელმწიფოს მეთაური პირველად იქნა არჩეული ახალი წესით – არა საყოველთაოდ, პირდაპირი ხმის მიცემით, არამედ პარლამენტის დეპუტატებისა და რეგიონული წარმომადგენლების მიერ. პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს – ასე რომ, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა წინასწარვე უეჭველი იყო.
როგორც თვითონ ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, პრეზიდენტის პოსტზე „ყველაფერს გააკეთებს ქართული საზოგადოების გასაერთიანებლად, ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად“.
პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტში ჩატარდა, შენობის წინ კი ოპოზიციონერები საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტებს შორის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო.
„არავის არავინ არ აურჩევია. არაფერი არ მომხდარა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ერთადერთი კანონიერი ხელისუფალი მხოლოდ თვითონ არის. ჩატარებულ არჩევნებს მან „პაროდია“ უწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში დაადანაშაულა.
ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევნებს არ აღიარებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ