29 დეკემბრის შემდეგ ქვეყანაში ორი პრეზიდენტი არ იქნება, არამედ ერთი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მოპარვის შემდეგ რა პროცესიც არ უნდა წარმართო, ლეგიტიმაციას ვერ შეიძენ -ბექა ლილუაშვილი

3
spot_img

ხალხის პროტესტი გაგრძელდება, რადგან ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნით თუ სხვა პროცესებით არცერთი მოთხოვნა არ კმაყოფილდება. მოთხოვნებში არ დევს არც პრეზიდენტის, არც მთავრობის ცვლილება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, ხალხის მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები.

„დემოკრატიისა და დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტი არის არჩევნები. არჩევნების მოპარვის შემდეგ რა პროცესიც არ უნდა წარმართო, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას ვერ შეიძენ, რადგან წყარო არის არალეგიტიმური. არალეგიტიმური წყაროთი გაკეთებული ყველა პროცესი არის არალეგიტიმური. თქვენ მე მეკითხებით, როგორ გაგრძელდება პროცესი? არაფერი იცვლება შინაარსობრივად, აქციები გაგრძელდება, უბრალოდ, ჩვენ დაგვემატა ერთი თოჯინა, რომელსაც, მათი გადმოსახედიდან, უკვე ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. არალეგიტიმური პროცესის შედეგად ის ვერ იქნება საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ჩვენს სამოქმედო გეგმაში არაფერი იცვლება, შიდა წნეხისა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით ისევ მივყვებით წნეხის გაზრდის პოლიტიკას – ესაა სამოქმედო გეგმა. მაგალითად, ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა რომ დანიშნოს, პირობითად, სუს-ის ახალი უფროსი, რა მნიშვნელობა აქვს? რა შეიცვლება ფუნდამენტურად? საზოგადოებაში ჩვენ რას ვაპროტესტებთ? იმას, რამაც მოგვიყვანა ამ პროცესამდე. პრეზიდენტის ან მთავრობის ცვლილების მოთხოვნა ხომ არ დევს მოთხოვნებში – არამედ ხელახალი არჩევნები.

29 დეკემბრის შემდეგ ორი პრეზიდენტი არ იქნება, არამედ ერთი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მეორე არალეგიტიმური ვიღაც. მოთხოვნებში ხომ არ დევს არც პრეზიდენტის, არც მთავრობის ცვლილება, არამედ ის, რასაც აპროტესტებს ხალხი – წართმეულ არჩევნებს, მოპარულ არჩევნებს, იმ ბერკეტს, რომლითაც იწყება ჩვენი კონსტიტუცია, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. რითი არის ხელისუფლების წყარო ხალხი? არჩევნებითა და წარმომადგენლობითი დემოკრატიით. რითიც ის არის ძალაუფლების წყარო, ხალხს ეს წაართვა ივანიშვილმა. ხალხის პროტესტი გაგრძელდება, რადგან ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნით თუ სხვა პროცესებით არცერთი მოთხოვნა არ კმაყოფილდება. შესაბამისად, პროცესი გაგრძელდება უცვლელად. ამ პროცესზე გავლენა არ ექნება ფსევდოინსტიტუტების ხელმძღვანელების წარდგენას თუ დანიშვნას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.