„ამნესთი ინთერნეიშენალი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია წერს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი დარბევა განხორციელდა
„2024 წლის 28 ნოემბერს, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ცოტა ხნის წინ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე გადადებს. ამ გადაწყვეტილებამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა, რადგან ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნა, როგორც ქვეყნის ევროპული კურსიდან რუსეთისკენ გადახვევა. 2023 წელს რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქართველების 85 % ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, ეს მაჩვენებელი 10%-ითაა გაზრდილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
29 ნოემბრის შემდეგ დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ და რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ატარებს. საპროტესტო აქციები გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პოლიციამ აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა, რამაც ესკალაცია გამოიწვია. ძალადობისა და შეტაკების დროს ბევრი ადამიანი დაშავდა. ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პროტესტის გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტების სასტიკი ცემის კადრები. პოლიციამ დემონსტრანტების მდევნა პროტესტის მიღმაც დაიწყო, ჩხრეკების ჩატარებით და მათ სახლებსა თუ ოფისებში დაკავებით. ამ დროისთვის დაკავებულია 460-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 430-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით იდევნება.
გავრცელებული ცნობები მიუთითებს, დაკავებულთა უმეტესობა პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ცნობების მიხედვით, 80-ზე მეტ ადამიანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა მძიმე ჭრილობებით, მათ შორის, ძვლების მოტეხილობითა და ტვინის შერყევით. პოლიციის მიერ გამოყენებული უკანონო ძალა, წამება და სხვა ქმედებები მიუთითებს, რომ ეს ქმედებები მთავრობის დირექტივის ფარგლებში ხდება და დაუსჯელობის სინდრომით არის წახალისებული. სასამართლოები ძირითადად უგულებელყოფენ წამებისა და სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლებას. 160-მდე ადამიანს დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. პოლიცია და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ჩანს, გამოიყენება დემონსტრანტების დაშინებისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, რაც „ინსტიტუციონალურ რეპრესიებს“ ასახავს.
უფლებადამცველი ჯგუფების მიერ აღწერილი „პოლიციური ტერორი“ ბოლო დროს გამძაფრდა უცნობი ნიღბიანი პირთა ჯგუფების ტერორით, რომლებიც პოლიციის თანხმობით ემუქრებიან და თავს ესხმიან მომიტინგეებსა და მედიის პერსონალს“, ნათქვამია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში.