უნგრული პოპულარული ინგლისურენოვანი ელექტრონული გაზეთი “ჰანგერი თუდეი”(Hungary Today – “უნგრეთი დღეს”) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “უნგრეთი იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო სხვისი ხელებით მორიგ ბრძოლის ველად არ გადაიქცეს: ბუდაპეშტი თბილისს “ფერადი რევოლუციის”თავიდან აცილებაში “ეხმარება” (ავტორი – დენიელ დემე). მასალაში განხილულია უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ევროპისაკენ მიმავალ „ეკლიან გზაზე“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დასავლელი ლიდერები, რომლებიც თვლიან, რომ უნგრეთის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ თითქოსდა ამ პატარა კავკასიური ქვეყნის სასიკვდილო აგონიაში ყოფნის დადასტურებას წარმოადგენს, შეცდომას უშვებენ. იბადება კითხვა: რა დგას უნგრულ-ქართული კავშირების განმტკიცების უკან – იმ კავშირებისა, რომლებიც ბევრში ნეგატიურ რეაქციას იწვევს?
ამ კვირაში უნგრეთს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეწვია – ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მისი ინტერესების განხორციელებას. „ჩვენ – საქართველო და უნგრეთი – თავდასხმების ობიექტები გავხდით…
შეტევებს, რომლებსაც ჩვენს წინააღმდეგ ლიბერალური მეინსტრიმი აწყობს, პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათი აქვთ. როცა არჩევნებში კონსერვატიული პატრიოტული პარტია იმარჯვებს, ამ დროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული ხასიათი ეჭვქვეშ დგება, ხოლო როცა ლიბერალური პარტია იმარჯვებს, ამ გამარჯვებას ბერავენ და დემოკრატიის ფანტასტიკური ტრიუმფად წარმოაჩენენ“. მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ მცდელობას სანქციები დააწესოს საქართველოსა და ქართველი პოლიტიკოსების მიმართ..
ოქტომბრის ბოლოს, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, თბილისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. ვიზიტის დრო იმ გათვლით იყო შერჩეული, რომ სიგნალი გაგზავნილიყო როგორც არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნებისათვის“, ასევე ევროკავშირისთვისაც: ევროპული კონსერვატიული პოლიტიკური სისტემა მზადაა მოიგერიოს შეტევები ქართველ კონსერვატორებზე და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.
მართლაცდა, ევროპელი ლიბერალების შეტევებმა არ დააყოვნა. პროცესის ევოლუცია ყველაზე კარგად ჩანს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეპ ბორელის განცხადებებში.
თავის პირველ განცხადებაში, 26 ოქტომბერს, ჟოზეპ ბორელი იმოწმებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას და ამბობს, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა გავრცელდა ცნობები სახელმწიფო მოსამსახურეთა თითქოსდა დაშინებების თაობაზე. 29 ოქტომბერს ჟოზეპ ბორელი აკეთებს მეორე განცხადებას და ახსენებს საჩივრებს, რომლებიც „შიდა დამკვირვებლებისაგან“ მიიღო – თითქოსდა არჩევნები არ იყო „თავისუფლად და პატიოსნურად ჩატარებული“. 19 ნოემბერს კი ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოს იმ სწორი გზიდან გადაახვევინეს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისაკენ მიჰყავს. ანუ ეს ნიშნავს, რომ „ჭეშმარიტების გზიდან გადახვეული „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არასწორია და რომ ყველაფერი გამოძიებული უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებში იმალება. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ზედმეტი არ იქნებოდა ვიცოდეთ, თუ ვინ არიან ზემოთ ნახსენები „შიდა დამკვირვებლები“, რომლებიც ესოდენ ბეჯითად და მტკიცედ გამოხატავენ ეჭვებს, თითქოსდა ჩატარებული არჩევნები არც სამართლიანი არ იყო და არც პატიოსანი. ერთი მხრივ, ასეთი საჩივრების ავტორები არიან ოპოზიციური პარტიები, რომელთა ყველაზე ხმაურიან და გააფთრებულ მხარდამჭერად იქცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირადული კონფლიქტი აქვს (რაც ყველამ კარგად იცის). გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პირადი დაინტერესება აქვთ, რომ ხმის მიცემის მიმართ ეჭვი გამოხატონ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს საზღვარგარეთიდან დაფინანსებულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – მათგან შეიძლება გამოირჩეს სამი ძირითადი და საკვანძო ორგანიზაცია: პირველი – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISFED), რომელიც დაფინანსებას ამერიკული საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-სგან იღებს, მეორე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მესამე – კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელშიც 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული და რომლებსაც ძირითადად მემარცხენე რადიკალური ფონდები აფინანსებენ.
მაგრამ რისთვის სჭირდებათ გლობალურ-ლიბერალურ და პროგრესულ-მემარცხენე მოძრაობებს „ქართული ოცნებისადმი“ სიძულვილის გამოხატვა? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ირაკლი კობახიძის გამოსვლა ბუდაპეშტში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ (CPAC) კონფერენციაზე. მან ლიბერალები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ემუქრებიან ხალხთა თვითმყოფადობას მთელ მსოფლიოში, პროპაგანდას უწევენ „ლგბტ“-საზოგადოებებს და ძირს უთხრიან ქრისტიანულ ღირებულებებს და იდენტურობას. სხვათა შორის, სიძულვილის კიდევ ერთი მიზეზს წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ თაობაზე, რომლის ძალით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან აჩვენონ უცხოური დაფინანსების რაოდენობა და წყაროები. ამ კანონით, როგორც იტყვიან ხოლმე, „ბოლო ლურსმანი დაეჭედა“ მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (სამოქალაქო სექტორის) ურთიერთობებს.
ქართული სამოქალაქო სექტორი დღეს არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ქუჩებში მიტინგებს და საპროტესტო აქციებს ატარებს. არადა, მათი ამგვარი მოქმედების მიზეზები, პრობლემების მასშტაბები და ხასიათი გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გაიგებ, რომ კავკასიურ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონია, 26 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, ანუ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველ 144 მცხოვრებზე! ისინი ძირითადად საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და ისეთ რესურსებს ფლობენ, როგორიც ადგილობრივ ინსტიტუტებს, სახელმწიფო ბიუჯეტისგან დაფინანსებულთ, არც კი დაესიზმრებათ. შესაბამისად, მათ დიდი გავლენები აქვთ და ხშირად პარალელური ხელისუფლებას წარმოადგენენ, რომლებსაც არჩეულ აღმასრულებელ სტრუქტურებთან მეტოქეობა შეუძლიათ.
დასავლეთში არიან ისეთი ძალები, რომლებსაც არ მოსწონთ არც უნგრეთისა და არც საქართველოს კონსერვატიული პოლიტიკა. შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა წინმსწრები მოქმედებით აღკვეთა კოორდინირებული თავდასხმები „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ, როცა საქართველოს მანამდე ეწვია, სანამ მადესტაბილიზებელი ძალისხმევა ძალადობრივ საპროტესტო აქციებში არ იყო გადაზრდილი. დღეს ჰაერივით არის საჭირო იმ პოლიტიკური ძალებთან ურთიერთობა ევროპაში, რომლებიც თავიანთ დემოკრატიას იცავენ. საქართველოს ხელმძღვანელობა სარგებლობს თავისი მტკიცე დემოკრატიული უფლებამოსილებით და ეფექტურად ანგრევს საზღვარგარეთელი სპონსორების მიერ ორგანიზებულ შეთქმულებას, რომელიც „ფერადი რევოლუციით“ არის შენიღბული. და მაინც, საქართველოს ძალიან ჭირდება უნგრეთის მხარდაჭერა, რათა ამ თავდასხმების ნამდვილი მიზეზი გამოაშკარავდეს.
მოამზადა სიმონ კილაძემ