ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული პოლიციის მიერ – ინფექციონისტი 

24
spot_img

აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ,- ამის შესახებ ინფექციონისტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შესაძლოა სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს.

ამასთან, კამკამიძე აცხადებს, რომ კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიკური ქიმიური აგენტები.

„ამ დღეებში „ლაივში“ ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტობრივად ქიმიური იარაღის გამოყენებას. ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მშვიდობიანი მიტინგის დაუცველი მონაწილეებისაკენ. ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიკური ნივთიერების გადამტანს, ხოლო ქიმიური იარაღის განმარტება სხვა რა არის თუ არა „ტოქსიკური ნივთიერება + გადამტანი საშუალება ადამიანების მასიური დაზარალებისათვის“.

ასეთ შემთხვევაში მსგავსი თვითნაკეთი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც პერმანენტულად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს, ღიად ეწინააღმდეგებოდეს ამ კატასტროფულ პრაქტიკას და მუდმივად უნდა აცხადებდეს ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენცია ზუსტად რომ ამ უწყების მოვალეობაა! თუმცა ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურებიდან მხოლოდ დაზარალებულთა რაოდენობების სისხლიან სტატისტიკას თუ ვიგებთ.

CDC-ს ინსტრუქციებში ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით არის ეს ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული და რა დროის განმავლობაში იყო ადამიანი მათი ზემოქმედების ქვეშ. ყოველდღიურად ვხედავთ „წიწაკის სპრეის“ პირდაპირ სახეში შესხურებას, ამ და, შესაძლოა, სხვა ნივთიერებებდამატებული წყლის ნაკადით ადამიანების დასველებას, ტანსაცმლის გაჟღენთას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რჩება დემონსტრანტის სხეულზე. კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიკური ქიმიური აგენტები.

ასევე აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ყველაზე ხშირად გამოყენებული აგენტები შემდეგია:

  • Chloroacetophenone (CN)
  • Chlorobenzylidenemalononitrile (CS)
  • Chloropicrin (PS)
  • Bromobenzylcyanide (CA)
  • Dibenzoxazepine (CR)

აღნიშნული ნივთიერებების კომბინაციები დაუყოვნებელ ეფექტზე ბევრი დაიწერა და პირდაპირ „ლაივშიც“ ვხედავთ, რა ემართება ხალხს. აქ ჩამოვთვლი მძიმე და შორეულ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებასა და ადამიანის ხანგრძლივ ექსპოზირებას მათ მიმართ:

სიბრმავე

გლაუკომა – თვალის მძიმე პათოლოგია, რომელმაც ასევე შეიძლება განაპირობოს სიბრმავე,

უეცარი სიკვდილი ხორხისა და ფილტვების ლორწოვანის დამწვრობის გამო,

სუნთქვის უკმარისობა, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

„ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შეიძლება სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ძლიერი ალერგიული წინასწარგანწყობის, ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების და ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანების ექსპოზირება ამ „თითქოსდა სწრაფი და მსუბუქი“ მოქმედების ტოქსინების მიმართ, რომელიც რიგ შემთხვევაში (და განსაკუთრებით მათი არასწორი გამოყენების დროს) შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს“, – წერს გიორგი კამკამიძე.