4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

37
spot_img

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

სახარების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს – წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი შინ იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს.

იმ ტაძარს, რომელშიც მშობლებმა პატარა მარიამი მიიყვანეს, 15 საფეხური ჰქონია. მისი ავლა 3 წლის ბავშვისათვის საკმაოდ მძიმე იქნებოდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა კი ყოველგვარი დახმარების გარეშე, თავისუფლად ავიდა ამ საფეხურებზე, მას წინ მღვდელმთავარი მიეგება. და მოხდა საოცრება, მღვდელმთავარმა იგი წმიდათა წმიდაში შეიყვანა. აქ თვითონაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნეოდა სხვა ვინმე შესულიყო მასში. ყოველივე ეს მიანიშნებდა იმას, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა პატარა მარიამს, იგი უნდა გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრიტესი.

როგორც ცნობილია, მარადქალწული მარიამის მშობლებმა – მართალმა იოაკიმემ და ანამ, რომლებიც მოხუცებულობამდე უშვილონი იყვნენ, აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და მისცა მათ ასული.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს, უხმეს ნათესავ-ახლობლებს, პატარა მარიამი საუკეთესო შესამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. აქ მარიამს მღვდელმთავარი შეეგება მრავალრიცხოვანი სამღვდელო დასით.

ტაძარში შესასვლელად თხუთმეტსაფეხურიანი კიბის ავლა იყო საჭირო (რიცხვი 15 მიუთითებს ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის თარიღს – ნისანის (მარტის) თხუთმეტს. ჩვეულებრივ, მორწმუნენი თითო საფეხურის ავლისას თითო ლოცვას კითხულობდნენ, რაც სიმბოლურად მიანიშნებდა უფალთან მიახლოებას). როცა პატარა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, მიუხედავად ასაკისა, სწრაფად აირბინა კიბე. მღვდელმთავარმა სულიწმინდის კარნახით იგი წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ თვითონ შედიოდა წელიწადში ერთხელ სამსხვერპლო სისხლით. ეს იყო ერთგვარი აღსრულება წინასწარმეტყველებისა: მოსეს დროს აგებული მოძრავი კარვის წმიდათაწმიდაში შეტანილ იქნა სჯულის კიდობანი აღთქმის ფილებით, აარონის კვერთხი და ტაკუტი მანანით (ზეციური პურით). მარიამის წმიდათაწმიდაში შესვლისას ებრაელთა ეს უძველესი სიწმინდენი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა – ღვთის რჩეულმა ერმა ისინი თავისი ცოდვების გამო დაკარგა, მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულის შესვლამ სიმბოლურად შეავსო ეს დანაკარგი – ღვთისმშობელი ის ტაკუკია, რომელმაც ზეციური პური დაიტია; აარონის კვერთხია, რომელიც გამხმარი ტოტისგან – ბერწი მშობლებისგან – აღმოცენდა (ძველ აღთქმაში მოთხრობილია, თუ როგორ აყვავდა აარონის გამხმარი კვერთხი); დაბოლოს, სჯულის კიდობანია, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისა” (ფს. 131:8).

მარადქალწულმა მარიამმა თერთმეტი წელი დაჰყო ტაძარში. ის იზრდებოდა კეთილმსახურ ქალწულთა წრეში, კითხულობდა საღვთო წიგნებს, ხელსაქმობდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთის სიყვარულით სულდგმულობდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების მოსახსენებლად წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი დროიდანვე დააწესა დღესასწაული. პირველ ცნობას ამ დღესასწაულის აღსრულების შესახებ შეიცავს პალესტინელ ქრისტიანთა გადმოცემანი, სადაც საუბარია იმის თაობაზე, რომ წმინდა დედოფალმა ელენემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მოსახსენებლად ეკლესია აღაშენა.

ეკლესიის მამათა მიხედვით, ყოვლადწმინდა ქალწული ახალი აღთქმის კიდობნად იწოდება, რადგან მუცლით ატარებდა ქვეყნიერების გამომხსნელს – მაცხოვარს, რომელმაც კაცობრიობას მარადიული ცხოვრებისაკენ გაუხსნა გზა.

ამგვარად, ღვთისმშობლის მიერ “ცხორებაი იქმნა ძეთათვის კაცთაისა”. თუკი ევას შეცოდებით წყევა შემოვიდა ამქვეყნად, ღვთისმშობლის მეოხებით კურთხევა მოგვენიჭა, ყოვლადწმინდა ქალწულმა დაუტევნელი დაიტია. დაიტია ის, რომელსაც ცანი ვერ იტევენ, რომელმაც აღხოცა შეცოდებანი კაცთანი და ჯვარს ეცვა ჩვენთვის.

იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა, უძლურთა შემწე, დაცემულთა ხელისაღმპყრობელი, შეჭირვებულთა ნუგეშისმცემელი, ცოდვილთა მწყალობელი და საუკუნო სასუფევლის მომნიჭებელი.

ტროპარი:

დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი:

ყოვლადწმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად უფლისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.