ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს – რეჟიმმა უკან დასახევი სამართლებრივი გზა თავად მოიჭრა – ნინო ლომჯარია

6
spot_img

ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს – ეს არის გადაწყვეტილება, რითაც ამ რეჟიმმა უკან დასახევი სამართლებრივი გზა თავად მოიჭრა, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა, ყოფილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

“ამ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს. ეს მოსამართლეები არიან რეჟიმის ტყვეები ან თავად გადაწყვიტეს, რომ ემსახურონ. ეს არის გადაწყვეტილება, რითაც ამ რეჟიმმა უკან დასახევი სამართლებრივი გზა თავად მოიჭრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაეუქმებინა და ანტიკონსტიტუციურად ეცნო არაკონსტიტუციური, გაყალბებული არჩევნები. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალაუფლებაში მყოფი, თვითაღიარებული ჯგუფი გვეუბნება, რომ სამართლებრივ გზებს ამ შექმნილ უკიდურესად მძიმე კრიზისის გადაჭრის, თავად ხერგავს. ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი.

რა ზეწოლა უნდა იყოს იმაზე უფრო სასტიკი, რასაც დაკავებული, ნაწამები ახალგაზრდები განიცდიან. ალბათ, რაღაც ბიზნესინტერესები, დაგროვებული ქონების დაცვის ინტერესები, კორუფციული ან ძალაუფლებაში დარჩენის ინტერესი. აი, ამაზე ზეწოლის განხორციელებით ახდენს გავლენას ძალაუფლებაში მყოფი თვითმარქვია ჯგუფი მოსამართლეებზე, სხვა რა ზეწოლა უნდა იყოს იმაზე მძიმე, რასაც დღეს მოქალაქეები ყოველდღიურად ქუჩაში განიცდიან?! არგუმენტი არ არის ის, რომ ვიღაცა ვიღაცაზე ზეწოლას ახორციელებს. რიგითი მოქალაქეები უძლებენ წამებას, არაადამიანურ სასტიკ მოპყრობას, დაპატიმრებას, უსამართლობას, წლობით სასჯელის პერსპექტივას და ამას არ უშინდებიან და რამ შეაშინათ ეს ადამიანები, მოსამართლეები, რომლებსაც კონსტიტუციური გარანტიები აქვთ ხელშეუხებლობის. რამ შეაშინათ?”- განაცხადა ლომჯარიამ.