სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“ – მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი – შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს – პრემიერი

9
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო დისკუსიის მსურველ სუბიექტებს კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს შესთავაზებენ.

პრემიერის თქმით, აღნიშნულზე დეტალურ განცხადებას ცოტა ხანში გამოაქვეყნებენ, მანამდე კი კობახიძე ამბობს, რომ მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს.

„ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, სადაც შეგვიძლია მათ შევთავაზოთ კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი – სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“. მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის გამავლობაში მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის „გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „სხვანაირად გაიგო“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დისკუსიის მზადყოფნა გამოთქვეს.