პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა “დღის კურიერში” განაცხადა, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა წინააღმდეგობაა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა იდენტურია ქართველი ხალხის სამოქმედო გეგმასთან, რომელიც უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ უნდა ევროპა და არა რუსეთი.
“ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არის იდენტური ქართველი ხალხის სამოქმედო გეგმასთან. იმის შემდგომ, რაც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტი – არჩევნები გაუქმდა ამ ქვეყანაში, ივანიშვილმა დაიწყო დაანონსებული, გაცხადებული, უხეირო დიქტატურის გაფორმება და მის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს უარის თქმა ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე, ანუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა საბოლოოდ.
ასე რომ, სამოქმედო გეგმა არის წინააღმდეგობა. დღეს ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი სამოქალაქო გამბედაობის მაგალითი, მათ შორის, მასწავლებლების მხრიდან, რომლებმაც არ ჩაატარეს გაკვეთილები; დირექტორების მხრიდან, რომლებმაც არ ჩაატარეს სასწავლო დღე; უნივერსიტეტების მხრიდან; მათ შორის, ვხედავთ საჯარო მოხელეების განცხადებებს, რატომ? რადგან ქართულის საზოგადოება შეთანხმებული ვართ და უნდა გამოვხატოთ ის, რაზეც შეთანხმებულები ვართ – 30 წელია ვთანხმდებით, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, რომ აღარ გვინდა რუსეთი, რომ გვეყო 3 საუკუნის განმავლობაში სისხლისღვრა, ეთნოწმენდები, გვეყო საქართველოს დაჩაგვრა, საქართველოს გამორჩეული მამულიშვილების მკვლელობა და გვეყო დამცირების, დევნისა და რეპრესიების 3 საუკუნე. გვეყო, აღარ გვინდა!” – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.