სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება -ექიმი ნიკა კაპანაძე აქციაზე დაშვებულებზე

8
spot_img

სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ყველა პაციენტი უკლებლივ არის სტაბილურ მდგომარეობაში, – განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებზე საუბრისას კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმმა ნიკა კაპანაძემ.

„არის რამდენიმე ათეული პაციენტი, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სახისა და თავის არეშიც აქვთ დაზიანება მიყენებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური კვლევების შემდგომ გადაწყდება მათი დისპოზიციის საკითხი. ამ ეტაპზე უტარდებათ სამედიცინო დახმარება. სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ყველა პაციენტი უკლებლივ არის სტაბილურ მდგომარეობაში“, – აღნიშნა ნიკა კაპანაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. აქციაზე ათამდე სამართალდამცველი დაშავდა.