ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, – ასე გამოეხმაურა “ფედერალისტების” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება.
მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება, ამ რეალობასთან, ანუ, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პერსპექტივასთან შეგუებისკენ მიმართული უტიფარი ნაბიჯია ამ ხელისუფლების მხრიდან.
“თუ ვინმე გონიერ, პატრიოტ მოქალაქეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს მთლიანად, ჩვენ დასავლურ, ევროპულ, ანუ ქართულ მომავალს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენას, ახლა თვალი უნდა აეხილოს.
ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, ამის გარშემო დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, რაც აუცილებელი პირობაა ამ ხელისუფლების დასამარცხებლად”, – თქვა გიგა ბოკერიამ.