ბრიტანული გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინელი თავდაცვის მინისტრი – კორუფციონერი?! რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ადმირალის წინააღმდეგ“ (ავტორი – დიმიტრი სევასტოპულო).
როგორც სიტუაციაში გარკვეული ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის სახალხო-გამათავისუფლებელ არმიაში მომხდარ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ადმირალი დუნ ძინი, რომელიც მინისტრის პოსტზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი კორუფციის გამო იქნა პოსტიდან გათავისუფლებული, მაგრამ ახლა თვითონაც მექრთამეობის საქმის გამოძიების ობიექტს წარმოადგენს.
დუნ ძინი მესამე ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც კორუფციულ ქმედებებშია ეჭვმიტანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
დუნმა მინისტრის პოსტი 2023 წლის დეკემბერში დაიკავა და გენერალი ლი შანფუ შეცვალა, რომელმაც თანამდებობაზე სულ რაღაც 7 თვე იმუშავა. სხვათა შორის, ორივე – ლი შანფუც და დუნ ძინიც – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის (პრეზიდენტის) სი ძინპინის მიერ არიან დანიშნულნი.
როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ ადრე იტყობინებოდა, გენერალი ლი შანფუ კორუფციის გამო იქნა თანამდებობიდან მოხსნილი. მის წინამორბედს, გენერალ-პოლკოვნიკ ვეი ფენჰესაც კორუფციის ბრალდება წაუყენეს. 2024 წლის 27 ივნისს ჩინეთის კომპარტიამ განაცხადა, რომ ორივე ექს-მინისტრი კომპარტიიდანაც იქნენ გარიცხულნი – „დისციპლინარული და სამართლებრივი დარღვევების გამო“. მათ საქმეს სამხედრო პროკურატურა იძიებს, თანაც ლი შანფუ დადანაშაულებულია როგორც ქრთამის აღებაში, ასევე გარეშე პირების მოსყიდვაშიც. ორივეს გენერლის წოდებები ჩამოერთვათ.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სი ძინპინის ბრძანებით, ამჟამად ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის მიმართ გამოძიების სერია წარმოებს, არმიაში კორუფცია ჰყვავის და მასში მაღალი ჩინის მქონე ოფიცრებიც არიან გახვეულები, ხშირად კი მინისტრებიც.
მინისტრის თავზე დატრიალებული „წისქვილის ქვების“ ამბავი მას შემდეგ გარცელდა, რაც დუნ ძინმა ლაოსში, აზიურ თავდაცვით სამხედრო თათბირზე უარი თქვა თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს შეხვედროდა. ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა მინისტრის ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ აშშ უხეშად ერევა ჩინეთის საქმეებში და ტაივანს იარაღს აწვდის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა უარყო გავრცელებული ხმები დუნ ძინის დაპატიმრების თაობაზე და განაცხადა, რომ ამერიკელებს ყველგან „ქარზე და აჩრდილებზე ნადირობა“ ელანდებათ.
დუნ ძინის მიმართ გამოძიების დაწყება იმას ნიშნავს, რომ სი ძინპინი არმიაში კორუფციის ფაქტების გამოვლენას აგრძელებს. ზედიზედ ორი მინისტრის გარდა, დაკავებულნი არიან მაღალი რანგის მქონე ორი ოფიცერიც, რომლებიც ადრე შინეთუის სარაკეტო ჯარებს ხელმძღვანელობდნენ, მათ ფუნქციებში შედიოდა აგრეთვე ბირთვული იარაღის პროგრამის კურირება.
როგორც ქრისტოფერ ჯონსონი – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, თავდაცვის მინისტრების ხშირი დანიშვნა-გათავისუფლებით კარგად ჩანს, თუ როგორ არჩევს სი ძინპინი კადრებს. „სი ძინპინმა ტრადიცია 2018 წელს დაარღვია, როცა მან ვეი ფენჰე – სარაკეტო ჯარების გენერალი, თავდაცვის მინისტრად დანიშნა. მანამდე მინისტრები სულ სახმელეთიდო ჯარებიდან ყვნენ. ტრადიციის კიდევ ერთი დარღვევა: დუნ ძინი ადმირალია, სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელი. სი ძინპინს არწმუნებდნენ, მინისტრობის კანდიდატების შერჩევა გულდასმით ხდებოდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: „ახლა, როგორც ჩანს, ამხანაგი სი მკითხაობას დაიწყებს, ჩინეთის არმიის რომელი ქვედანაყოფში არ არის კორუფცია?“.
სხვათა შორის, 2022 წელს სი ძინპინმა ასევე მოხსნა თანამდებობიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, როცა ცნობილი გახდა მისი დანაშაული – აშშ-ში ყოფნისას მას იქ მცხოვრებ ჩინელ ქალთან ჰქონდა სექსუალური კავშირი.
ამერიკელი სამხედრო პირების ვარაუდით, არმიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სახელს უტეხს თვითონ სი ძინპინს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს და აჩენს კითხვებს, შეუძლია თუ არა ჩინეთის არმიას დღევანდელი პოტენციალის შენარჩუნება 2027 წლამდე, როცა პეკინს, სავარაუდოდ, ტაივანზე შეჭრა აქვს განზრახული.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრისაგან განხვავებით, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი არ ითვლება გავლენიან სამხედრო ფიგურად ჩინურ სისტემაში, რომელსაც ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხელმძღვანელობს. ამასთან თავდაცვის მინისტრი ჩინეთის საერთაშორისო სახედ მიიჩნევა.